რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
ამ დღეს გაცხადდა ყოვლადწმინდა სამება, ქვეყანას ღმერთი გამოეცხადა. ამიტომაა ეს დღე განწმენდისა!
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს.
ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის ჟამს მიიღოთ.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. წყლიდან ამოსულს მტრედის სახით სულიწმიდა დაადგა თავზე:

„და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

ამ დღესასწაულს სხვაგვარად ღვთის გაცხადება, ყოვლადწმინდა სამების გამოცხადება ეწოდება.
ამ დღეს გაცხადდა ყოვლადწმინდა სამება, ქვეყანას ღმერთი გამოეცხადა. ამიტომაა ეს დღე განწმენდისა!
იოანე ოქროპირი განმარტავს:
„რისთვისაა, რომ ღვთის განცხადებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელ-იღო?
დღე დღევანდელი სწორედ იგია, როდესაც მან ნათელ-იღო და წყლის ბუნება აკურთხა. სწორედ ამიტომაც ამ დღესასწაულზე ყველა წყალს აღმოივსებს თავისთვის და მიაქვს სახლში და ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ამ დღეს წყლები იკურთხება; და ხდება აშკარა ნიშ-სასწაული: დროთა განმავლობაში ეს წყალი თავის არსებაში არ ფუჭდება, არამედ დღეს აღმოვსებული მთელი წელი, ხშირად კი ორი და სამი წელიც კი გაუხრწნელი და ახალთ-ახალი რჩება და მრავალი ხნის შემდეგაც არაფრით ჩამოუვარდება წყაროდან სულ ახლახან ამოვსებულ წყალს.
რის გამო იწოდება ღვთის განცხადებად ეს დღე? იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელ-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: „თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ“ (იოანე 1,26).
და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? „მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“.
2008 წლის 19 იანვარს მრევლს ასე მიმართა ეკლესიის მწყემსმთავარმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ:
„ადამიანი თავის ცხოვრებაში მუდამ ეძებს საკვირველებას, ეძებს სასწაულს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა იგი ამბობს: მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწამებ, თუ სასწაულს ვიხილავ. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ასეთი სასწაული. ჭეშმარიტად, „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.
წყალი, რომელიც დღეს იკურთხა, რამდენი წელიც უნდა შევინახოთ, არ გაიხრწნება. დიდი აიაზმა განნმენდს ჩვენს სულს, გულს, განანათლებს გონებას. იგი უნდა ვასხუროთ ჩვენს ბინებში, ვასხუროთ ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს. ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში უნდა გვქონდეს შენახული და ყოველ დილას მცირეოდენი უნდა მივიღოთ უზმოზე და უნდა ვასხუროთ ხოლმე სახლის კუთხეებში“.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებულია ერთი ხილული სასწაულიც. როგორც მოგეხსენებათ, მდინარე იორდანე წმინდა მდინარედ ითვლება, რადგან მასში ქრისტე მოინათლა. ჰოდა, ყოველ ნათლისღებას - 19 იანვარს, როცა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს, ჯვრის მესამედ შთაფვლისას მდინარე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლაც, ყოველი დღე სასწაულად გიქციოთ!

ყველა ახალი ამბავი
0