„საპახმელიო სუპი“ ჩილედან - დეტალური რეცეპტი

© Pexels / RODNAE Productionsსუპი
სუპი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
ნაბახუსევზე გამოსასვლელად საქართველოში უებარი კერძი, საყოველთაოდ ცნობილი ხაში არსებობს. თუმცა ის ზოგს არ უყვარს, ზოგს კი ჭარბი ნივრის გამო თავის არიდება უწევს.
ამიტომ გთავაზობთ „საპახმელიო კერძის“ განსხვავებულ ვარიანტს, რომელსაც ჩილეში ისეთივე რეპუტაცია აქვს, როგორიც ჩვენში ხაშს, იმ განსხვავებით, რომ ნივრის „არომატი“ არ ახლავს.
ამ კერძის ენერგეტიკული ღირებულება ერთ ულუფაზე ასეთია:
კალორიულობა — 442 კკალ;
ცილები — 31გ;
ცხიმები — 29 გ;
ნახშირწყლები — 15 გ.

ინგრედიენტები რვა ულუფა წვნიანის მოსამზადებლად:

საქონლის ხორცი (სასურველია, მკერდის ნაწილი) — 900 გრამი;
კვერცხი — 8 ცალი;
სტაფილო — 2 ცალი;
ხახვი — 2 თავი;
კარტოფილი — 2 ცალი;
მწვანე ლობიო — 100 გრამი;
მწვანე ბარდა — 150 გრამი;
ნიორი — 4 კბილი;
ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
თეთრი ღვინის ძმარი — 2 სუფრის კოვზი;
ქინძი – 3 ძირი;
ნიახურის ფოთლები — 3 გრამი;
ოხრახუში — 3 გრამი;
დაფქული ძირა — ½ ჩაის კოვზი;
ხმელი ორეგანო (თავშავა) — 1 ჩაის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

- დაჭერით ხორცი 5 სმ სიგანის ზოლებად, მოაყარეთ და შეაზილეთ მარილი და პილპილი.
- დაასხით თუჯის ღრმა ტაფას (ან სხვა სქელძირიან ჭურჭელს) ზეთი, დაყარეთ ზედ იმდენი ხორცი, რამდენიც თავისუფლად მოთავსდება და შეწვით ორივე მხრიდან. თითო მხარე 3 წუთის განმავლობაში უნდა იწვებოდეს. ამის შემდეგ ამოიღეთ მომზადებული ხორცი ტაფიდან და განაგრძეთ დარჩენილი უმი ხორცის შეწვა იგივე წესით იმავე ტაფაში.
- როდესაც ხორცის შეწვას დასრულებთ, გადაწურეთ ზეთი ტაფიდან, ოღონდ არ გარეცხოთ. ჩააბრუნეთ შიგ მთელი ხორცი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ძირა და ორეგანო და შეწვით დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში — სანამ მკვეთრი არომატი არ დატრიალდება. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ურიეთ ხორცს.
- დაჭერით სტაფილო საშუალო ზომის ნაჭრებად და დაამატეთ ხორცს; 5 წუთის შემდეგ ჩაყარეთ ტაფაში დაჭრილი ხახვი და შუშეთ კიდევ 10 წუთი.
- ამის შემდეგ ჩაასხით მასში 1,5 ლ წყალი და ერთი საათით დატოვეთ ცეცხლზე.
- ჩაყარეთ წვნიანში მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ 15–20 წუთი.
- დაამატეთ მწვანე ლობიო და ბარდა, ხარშეთ 5 წუთი.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ჩაახალეთ კვერცხები ისე, რომ არ დაიშალოს.
- როდესაც კვერცხი კარგად შეიკვრება, თქვენი „საპახმელიო სუპი“ მზად იქნება.
- გადაიღეთ თეფშებზე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0