მოსაზრება სპეცოპერაციის დინამიკაზე: ცხელი დონბასი და „ვაგნერის მუსიკა“

© photo: Sputnik / Victor Antoniyk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
15 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დადებითად შეაფასა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობა: „დინამიკა დადებითია. ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლები კიდევ ერთხელ გაგვახარებენ საბრძოლო სამუშაოს შედეგებით“.
ასეთი შეფასების ყველა საფუძველი არსებობს. 12 იანვარს რუსეთის ჯარმა დაასრულა სოლედარის გაწმენდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან. ეს დონეცკის მიმართულებით შეტევის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სრული კონტროლი სოლედარზე მეზობელ არტიომოვსკ/ბახმუტში უკრაინული ჯარის მომარაგების გზების ჩაკეტვის საშუალებას იძლევა.
უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რომ ვაშინგტონი კიევისგან ითხოვს ჯარის გამოყვანას არტიომოვსკ/ბახმუტიდან, რათა არ დაიხარჯოს რესურსი და რეზერვი თავდაცვაზე და მთელი ძალები სხვა მიმართულებით კონტრშეტევის მომზადებას მოხმარდეს. პენტაგონი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არარაციონალურად ხარჯავენ რეზერვისა და ჭურვების უზარმაზარ რაოდენობას, ქალაქს კი თითქოს არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. The Washington Post წერს: „ბახმუტის სისხლიანი ალყა სახიფათოა უკრაინისთვის“ და „ბახმუტის დაკარგვა მხოლოდ დროის საკითხია“.

„ვაგნერის მუსიკა“

რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურია ყველა მიმართულებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოლედარის საცხოვრებელი კვარტლები გაწმინდეს „ვაგნერის“ დაჯგუფების მოხალისეებმა. ასეთი ტაქტიკა და „ვაგნერის მუსიკა“ სპეცოპერაციის ზონაში ბევრ დასახლებულ პუნქტს გაათავისუფლებს. დღეს პრიორიტეტულია არტიომოვსკი/ბახმუტი, რუსული დაჯგუფებები რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ – ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ბრძოლა მიმდინარეობს სოფელ კლეშჩეევკისთვის, რომელიც ქალაქიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
უკრაინული ჯარის სარდლობამ არტილერია არტიომოვსკიდან დასავლეთისკენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მომდევნო ხაზისკენ – კონსტანტინოვკა-კრამატორსკი-სლავიანსკისკენ გადაწია. კიევმა დაკარგა კონტროლი მარიინკაზე, რომელიც უძლიერესი საყრდენი პუნქტია. მარიინკის დასავლეთ ნაწილში შენარჩუნებულია ლოკალური შეტაკების კერები.
ავდეევკაში მეთოდურად მოქმედებს რუსული არტილერია, ჩრდილოეთიდან უტევენ მოიერიშე დანაყოფები. ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით გამოჩნდა საიმედო რუსული ტანკები Т-90М.

დაგვიანებული გამოფხიზლება

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, აშშ-ის ჯარის პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ბახმუტთან ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებული ძალები კარგავენ ათჯერ მეტ პირად შემადგენლობას, ვიდრე რუსული ჯარი. მაკგრეგორი ფიქრობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 194 ათასი ადამიანია დარჩენილი. ბახმუტში უშვებენ ადამიანებს, რომლებმაც ორ-სამკვირიანი მომზადება გაიარეს.
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal იუწყება, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებამ შეიძლება შეამციროს აშშ-ის და მოკავშირეების რეზერვი კრიტიკულ დონემდე მიმდინარე წლის ზაფხულისთვის.
უკრაინა დასავლეთისგან მიღებულ 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირად ხარჯავს, ვიდრე აშშ და მისი მოკავშირეები მათ წარმოებას მოასწრებდნენ. ასეთი ტემპებით უკრაინა აშშ-ისა და ევროპის რეზერვებს კრიტიკულ დონემდე უკვე მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ან შემოდგომისთვის შეამცირებს. რუსეთი საბრძოლო მასალის წარმოებას აფართოებს, დღეს დაამზადა ბირთვული სუპერტორპედო „პოსეიდონის“ პირველი საბრძოლო კომპლექტი წყალქვეშა ნავი „ბელგოროდისთვის“.
აშშ-ის ინსტრუქტორები გერმანიის ტერიტორიაზე ამზადებენ უკრაინელ წვევამდელებს მსხვილმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ ხუთ-რვა კვირაში მომზადდება ბატალიონი 500 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით. მისი თქმით, კომპლექსური წვრთნები, იარაღის, არტილერიისა და ტანკების ახალ პარტიებთან ერთად საკვანძო მნიშვნელობის იქნება ტერიტორიების დაბრუნებისთვის გაზაფხულის წვიმებამდე.
დღეისათვის შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა დაახლოებით 3100 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ყველა ვერ გადაურჩა ომს. განადგურდა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ტექნიკა.
ამერიკული გამოცემა National Interest ავრცელებს აშშ-ის სამი პრეზიდენტის ადმინისტრაციების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის დევიდ ფილიპსის პოზიციას: „კონფლიქტმა უკრაინაში იფეთქა ნატოს შეცდომების და ვაშინგტონის მხრიდან კიევში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერის გამო“.
The Michigan Daily აღნიშნავს, რომ ანტირუსული სანქციებით, იარაღითა და საბრძოლო მასალით უკრაინის კონფლიქტის დახმარება ამერიკას ძვირი დაუჯდა - ინფლაცია, ეკონომიკის დასუსტება, ქაოსი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში. ყოვლისმომცველი რღვევა ბადებს „უხერხულ კითხვას: უღირს კი ამერიკას უკრაინის საქმეში ჩარევა?“
კითხვა რიტორიკულია, ვინაიდან „ომი უკრაინაში ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას პირდაპირ არ ემუქრება“. გამოცემა კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების იდეას ავრცელებს – აშშ-ის და ევროპის ხელისუფალთ მოუწევთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა, ანტირუსული სანქციების გაუქმება და კიევის წახალისება მოლაპარაკებებისკენ. თუ კიევი გააგრძელებს ბრძოლას, ვაშინგტონს მოუწევს საომარი მოქმედებების დაფინანსების შემცირება – ამერიკის საკუთარი პრობლემების მასშტაბების გათვალისწინებით“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0