ცხოვრების სცენას შემორჩენილი ქართველი ემიგრანტი და სამშობლოს მონატრება

© courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
მალხაზ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
იყო დრო, როცა მალხაზ წიკლაურმა დუშეთის თეატრის სცენაზე რამდენიმე საინტერესო როლი ითამაშა, მაგრამ, სურვილის მიუხედავად, „თეატრალურში“ ვერ ჩააბარა.
თუმცა რეჟისორ ლილი იოსელიანის ყურადღება მაინც მიიქცია და მარჯანიშვილის თეატრიდანაც ჰქონდა მიწვევა. მერე 90-იანები დადგა და, როგორც თავად ამბობს, „მარტო ცხოვრების სცენასღა შემორჩა“. უკვე წლებია, რაც საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში ცხოვრობს და ოცნებობს იმ დროზე, როცა საქართველოში დაბრუნებას შეძლებს.
— ბატონო მალხაზ, რას იტყვის არხოტელი ხევსური საფრანგეთზე?
— საფრანგეთზე რა მოგიყვეთ? ჩემი ხელობით ის შევძელი, რომ აქ უმაგრესი ადგილები ვნახე. ხუთი წელია, რაც ბრეტანში ვარ, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ვცდილობ, სადაც კი წავალ, საქართველოზე და ქართველებზე ვილაპარაკო. ჩემმა ფრანგმა მეგობრებმა უკვე იციან, რომ ქართველები პირველი ევროპელები ვართ.
© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
მალხაზ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
მალხაზ წიკლაური
— საკუთარ თავზე რას იტყოდით?
— მე საქართველოზე შეყვარებული და სამშობლოს მონატრებული ჩვეულებრივი ემიგრანტი ვარ. არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო ვიყო. ჩემს ქვეყანაში ოდესღაც მსახიობი ვიყავი. მერე 90-იანი წლები დადგა და ემიგრაციაში აღმოვჩნდი. თავიდან, როგორც იტყვიან, პორტუგალიამ მიშვილა, მერე საფრანგეთში ჩამოვედი.
— როგორია თქვენი ცხოვრება სამშობლოს გარეშე?
— უცხოეთში რომ ჩადიხარ და მათი ენა არ იცი, უმძიმესია. მერე თანდათან ალღო ავუღე სხვა ქვეყანას და სხვა ხალხის ცხოვრებას, წესებს და იმდენად აღარ მიჭირდა. გავიდა დრო და, ქართული მენტალიტეტის ამბავი ხომ იცით, ვინც საქართველოდან ჩამოდიოდა, ყველას ვხვდებოდით და ვაკვალიანებდით. ჩემთან ჩამოსულს სახლიც ხვდებოდა, სამსახურიც და თარჯიმანიც ჩემი სახით.
— სამშობლოში მსახიობი იყავით...
— პირველად ვითამაშე სპექტაკლში, რომელსაც „დედას ბიჭები“ ერქვა. იმ სპექტაკლში ერთდროულად ორ შვილს ვთამაშობდი. ახლა რომ ვიხსენებ, ის დრო ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა. მერე იყო როლი სპექტაკლში „ხევისბერი გოჩა“. ამის შემდეგ გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ არ მიმიღო თეატრალურმა უნივერსიტეტმა.
ეს ამბავი ჩემი დიდი ტკივილი იყო. თუმცა გამოცდების მერე ლილი იოსელიანმა მკითხა, ასე კარგად რომ ჩაგვაბარე, ვისი ხარო. უნივერსიტეტში მოხვედრილთა სიაში მეძება და ვერ მიპოვა.
© photo: courtesy of Malkhazi Tsiklauriმალხაზ წიკლაური
მალხაზ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
მალხაზ წიკლაური
— რატომ, თუ ასეთი რეჟისორის ქება დაიმსახურეთ?
— ალბათ იმიტომ, რომ მაშინ სხვა დრო იყო. ახალგაზრდებმა ეს არ იციან — მარტო ნიჭი არ ჭრიდა, მაგიდის ქვეშ რომ ჰქონდათ, იმ სიაშიც უნდა ყოფილიყავი.
ასე ჩაბარდა მსახიობობაზე ჩემი ოცნება ისტორიას. თუმცა, ეტყობა, თავი მაინც დავამახსოვრე ხალხს, იმიტომ რომ მარჯანიშვილის თეატრიდან მქონდა მიწვევა, მაგრამ იმ დროს უკვე საქართველოს ვემსახურებოდი. მერე აიარია ქვეყანა და... თუ შეიძლება ასე ითქვას, მარტო ცხოვრების სცენასღა შემოვრჩი.
— წარმოშობით არხოტელი ხევსური ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
— ეს ჩემს გონებასა და გენშია სამუდამოდ. მე წიკლაურების უძველესი გვარის წამომადგენელი ვარ. ჩვენი საგვარეულო სალოცავები ბევრგანაა — გუდამაყარში, უკანახოში, არხოტში, გაღმაროშკაში, ქსმოტში. სულ ამას ვიმეორებ – აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს თავისი გვარის ისტორია. მე ახლაც, შორიდანაც ვიტყვი: უფალმა დალოცოს და გააძლიეროს წიკლაურების გვარი სხვა ქართულ გვარებთან ერთად!
— უცხოეთში რა გაღიზიანებთ ხოლმე?
— საქართველოს მონატრება ჩემში ძლიერადაა, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, არიან ისეთი ქართველებიც, ვინც სხვანაირად ფიქრობს. მათთვის უცხოეთში ყოფნა მხოლოდ სიამოვნებასა და კომფორტთანაა დაკავშირებული. მათი ძალიან მიკვირს და არც მესმის.
— ყველაზე რთული რა არის თქვენთვის?
— როცა შენი ქვეყანა, ოჯახი, მეუღლე, შვილები, სახლი გაკლია. ძნელია მონატრება აიტანო. სულ მეკითხებიან, მახო, როდის დაგვიბრუნდებიო. ერთხელაც იქნება, დავბრუნდები. ველოდები და მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და მისი ყველა შვილი თავის ქვეყანაში ბედნიერად იცხოვრებს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0