მოსაზრება: ოკეანე ევროპასა და აშშ-ს შორის სულ უფრო ფართოვდება და ღრმავდება

© AP Photo / Virginia Mayo
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
ნებისმიერი მოწაფისთვის ცნობილია, რომ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს ყოფს ატლანტიკის ოკეანე. თუ მეტაფორულად ვიტყვით, დღეს ევროპა და აშშ ასევეა გაყოფილი, მხოლოდ გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების ოკეანე მოკავშირეებს შორის თანდათანობით ღრმავდება და ფართოვდება. ემანუელ მაკრონმა ტელეარხ CBS News-ის ეთერში ისაუბრა დასავლური სამყაროს ორ ცენტრს შორის ურთიერთობათა ჯერ კიდევ შეუმჩნეველ სარჩულზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს აქვთ აბსოლუტურად სოლიდარული პოზიციები უკრაინის საკითხზე, თუმცა მოკავშირეების მდგომარეობა სულაც არ არის პარიტეტული. მაკრონი ახსენებს ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, კერძოდ, ენერგეტიკულ კრიზისს და ენერგომატარებლების ფასებს. ევროპა, რომელიც სკურპულოზურად ასრულებდა ყველა მოთხოვნას სანქციების დაწესების და რუსული ენერგორესურსების თვითშეზღუდვის საკითხებში, ახლა გაცილებით რთულ მდგომარეობაშია.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ევროკავშირის ენერგობალანსში რუსული ნავთობის წილი 30%-ს აღემატებოდა. ამჟამად რუსული ნედლი ნავთობის წილი 21%-მდე შემცირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსული შავი ოქრო ჯერაც მეხუთედს შეადგენს.
ანალოგიური სიტუაციაა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. ზუსტად ერთი წლის წინ მილსადენებითა და გაზსადენებით ევროკავშირში 200 მილიარდი კუბომეტრი ცისფერი საწვავი მიედინებოდა, რაც საერთო მოხმარების 40 პროცენტს უდრიდა. ტიტანური ძალისხმევისა და ფინანსური დანაკარგების ფასად ევროპამ შეძლო ამ მაჩვენებლის 23%-მდე შემცირება მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ბოლოს.
მიწოდების მკვეთრმა შემცირებამ პრობლემები შეუქმნა „გაზპრომსაც“, რასაც მოჰყვა მოპოვების შემცირება და ლოგისტიკური შებრუნება აღმოსავლეთისკენ, რაც ასევე დიდ ხარჯსა და სირთულეებს უკავშირდება. მაგრამ რუსეთსა და ევროპას შორის არის არსებითი განსხვავება. რუსეთის შიდა ბაზარი გადავსებულია შეთავაზებით, სწრაფი ტემპებით სახელმწიფოს ხარჯზე მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიკაცია, თავად საწვავი ხელმისაწვდომია არც ისე მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის.
ევროპას საპირისპირო პრობლემა აქვს. ბრიუსელი იძულებულია სულ უფრო ძლიერ გაახუროს საბეჭდი დაზგა, რაც, თავის მხრივ, იწვევს პროგნოზირებულზე მაღალ ინფლაციას. მაგრამ მთავარია - საწვავისა და რესურსების ძლიერი დეფიციტი, რადგან რუსული ნედლეულის ჩანაცვლება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.
კატარი, ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი, ზრდის წარმოებას თითქმის მესამედით, 110 მილიონ ტონამდე წელიწადში, მაგრამ ამ ნამატის ლომის წილი, უკვე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, ჩინეთისკენ გაიგზავნება. საუდის არაბეთმა, ნავთობის მნიშვნელოვანმა ექსპორტიორმა, ამასწინათ პირდაპირ უარყო ჯო ბაიდენთან მეგობრობა, როდესაც უარი თქვა მოპოვების გაზრდაზე. მეტიც, მათ მიიღეს მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება ფინანსური დანაკარგის კომპენსაციის მიზნით.
რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს, რომ OPEC-მა და არაბმა მენავთობეებმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს არა მოსკოვის წინაშე მოკავშირებრივი ვალის კარნახით. ყველაფერი გაცილებით მარტივია. საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული გენიოსი, რომლის ძეგლებსაც დღეს მასობრივად იღებენ უკრაინაში, ჯერ კიდევ 200 წლის წინ წერდა: „მისი მაგალითი სხვებისთვის მეცნიერებაა“.
ეს ფრაზა იდეალურად აღწერს განწყობებს, რომლებიც ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ლიდერებს უტრიალებთ თავში. სანქციების მორიგი პაკეტის შემოღების შემდეგ ბაზრის ყველა მოთამაშეს შესანიშნავად ესმის, რომ შემდეგში ცუდი ბიჭის როლში შეიძლება დაინიშნოს მათი საკუთარი ქვეყანა. ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოქმედება ცხადყოფს, რომ ძველი საბაზრო წესები აღარ მოქმედებს და ახლა მეკობრულ ილეთებს იყენებენ.
კვლავ ემანუელ მაკრონის ინტერვიუ. მიღებული ზომების შედეგად აშშ, ნავთობითა და გაზით უზრუნველყოფილი ქვეყანა, გახდა ევროპაში რესურსების დომინანტი მიმწოდებელი. არა მოცულობით, არამედ კრიტიკულობით. ევროკავშირი კი, რომელიც რუსულ არხს გამოეთიშა, იძულებულია შეიძინოს ნავთობი და გაზი ოკეანეს მიღმა.
სწორედ ამაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკური ლიდერები ხელმძღვანელობენ არა ციფრებით, ლოგიკით და კოოპერაციის შემოწმებული ჯაჭვით, არამედ თავიანთი ეფემერული სურვილებით და პანიკური შეტევებით, რომლებიც შემოუტევთ ხოლმე იმის მოლოდინში, რომ რუსეთი შეიძლება გახდეს უფრო ძლიერი, მდიდარი და გავლენიანი.
მაკრონის ტელეგამოსვლის პარალელურად მიმდინარეობდა ევროკომისიის მორიგი სხდომა. მისმა ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რევერანსების გარეშე განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-თან სავაჭრო ომისთვის, ვინაიდან ამერიკელები ინფლაციის შემცირების შესახებ კანონის აღსრულების ფარგლებში უკვე ღიად იბირებენ მსხვილ მეწარმეებს და ჰპირდებიან მათ შეღავათიან ენერგორესურსებს, რომლებზე უარის თქმაც ადრე ბრიუსელმა აიძულა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0