საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველი მეექვსე ოჯახი ცხოვრობს.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის 11 თვეში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რიცხვი 1,5%-ით გაიზარდა და 178,5 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
2022 წლის 1 დეკემბრისთვის სახელმწიფო შემწეობაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების პროცენტულმა მაჩვენებელმა საქართველოში ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა.
ამასთან, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 2022 წლის 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში 2,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 666 ათასი ადამიანი შეადგინა.
შეჭირვებული მოქალაქეების საერთო რაოდენობიდან 249,8 ათასი არასრულწლოვანია, მათგან 64,8 ათასი 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 110,4 ათასი ადამიანი პენსიონერია.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში – 39,3 ათასი, ქვემო ქართლში – 22,8 ათასი, იმერეთში – 22,7 ათასი. ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (5,4 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (5 ათასი) რეგიონებშია.
ამასთან, თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ყოველი მეექვსე ოჯახი, შიდა ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში – ყოველი მეხუთე, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – ყოველი მესამე ოჯახი.
ყველა ახალი ამბავი
0