რამ იმოქმედა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე: TBC Capital-ის კვლევა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი, მეიდანი
თბილისი, მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
რომ არა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა, ნათქვამია ანგარიშში.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რა გავლენა იქონია გასულ წელს მიგრანტების ნაკადმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე და სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში რა არის ძირითადი მაკროეკონომიკური მოლოდინები 2023 წელს – ამის შესახებ საუბარია TBC Capital-ის ანგარიშში.
TBC Capital-მა ღონისძიებაზე „2023 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები“ განახლებული მაკროსექტორული მიმოხილვა წარმოადგინა. შეხვედრაზე შეჯამდა 2022 წლის მაკროსექტორული შედეგები, ასევე წარმოდგენილი იყო 2023 წლის ეკონომიკის განვითარების პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. 2022 წელს ეს კავშირი დიდწილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა.

ანალიტიკოსების შეფასებით, რომ არა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, საქართველოს ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა.
„ამას დიდწილად ტრადიციული ტურიზმის აღდგენა განაპირობებდა, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ უფრო ზომიერი გახდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო განსხვავება ევრო-დოლარის კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების, საკრედიტო აქტივობისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წელს: საერთაშორისო სავალუტო ფონდი>>>
საბაზო სცენარის მიხედვით, 2023 წელს რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3,5%, 2024-ში კი 5,4% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეს ეტაპობრივად დაუბრუნდება: 2023-ში – 4%, 2024-ში კი – 3% იქნება.
TBC Capital-ის გაცვლითი კურსის მოდელის თანახმად, 2023 წელს აშშ დოლარი ლარის მიმართ 2,80 GEL/$1, 2024-ში კი 2,70 GEL/$1 იქნება, ხოლო ევრო ლარის მიმართ 2023 წელს 3,11 GEL/$1, 2024 წელს კი 3,19 GEL/$1 იქნება.
2022 წელს სამომხმარებლო სექტორის (FMCG, ქუჩის კვება, ფარმაცევტიკა, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) ბრუნვა 34%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციამ, მიგრაციამ, გაზრდილმა მობილობამ, გაუმჯობესებულმა ტურისტულმა და ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა.
2022 წელს სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის 5% მიგრანტებით იყო განპირობებული, 2023 წელს კი მიგრანტების წვლილი 3%-მდე შემცირდება.
ანგარიშის თანახმად, მიგრანტების წვლილი ხარჯვით ნაწილში შესამჩნევია, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, რომლებიც დაბინავებასთანაა დაკავშირებული: ტექნიკა, ავეჯი, სარემონტო მასალები. 2023 წელს მიგრანტების ქცევა ადგილობრივების ქცევას მიუახლოვდება, თუმცა უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სექტორში მათი წვლილი ისევ მნიშვნელოვანი იქნება.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიგრაციას უკავშირებენ უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლების ზრდას. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში უძრავი ქონების ფასი 15%-ით, ქირის ფასი – 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.
მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა ძირითადად იჯარის ბაზარზე მოდის. 2022 წლის 11 თვეში თბილისში მიგრანტების მიერ შეძენილი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში მხოლოდ 5%, გაქირავებულ ბინებში კი 32%-ია.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა>>>
TBC Capital-ის პროგნოზით, წელს გაყიდულ ბინებში მიგრანტების წილი 11,5% იქნება, გაქირავებულ ბინებში კი - 18%. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელს ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება.
საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და ჯამურად, 2019 წლის 11 თვესთან შედარებით, შემოსავლები 4%-ით გაიზარდა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარი-ნოემბერში სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 51% შეადგინა და 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო: ტურისტული ვიზიტების აღდგენით, საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის ზრდით (4-დან 6 ღამემდე) და აქტიური შიდა ტურიზმით.
2022 წლის 11 თვეში დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა 111 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ფასს 10%-ით ჩამორჩება. 2023 წელს დიდ სასტუმროებში მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი 124 დოლარი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0