„ქართველო, შეჩერდი“, ანუ ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს

© courtesy of Nana Kibrotsashviliნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მუზას 40 წლისა დაუმეგობრდა. მისმა ლექსებმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და ხალხის სიყვარული. პირველი კრებული მეგობრის დახმარებით გამოსცა. ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა „ახალმა თაობამ“ მოუტანა — პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი გახდა.
ეს პოეტი ნანა ქიბროწაშვილია, რომელიც, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების მერე, მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა.
© photo: courtesy of Nana Kibrotsashviliნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
ნანა ქიბროწაშვილი
— ქალბატონო ნანა, პოეზიით დავიწყოთ. თქვენს ერთ ლექსს, რამდენადაც ვიცი, მილიონი ნახვა ჰქონდა...
— დიახ, ასეა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი რომელიმე ლექსი ოდესმე ასეთი პოპულარული გახდებოდა, ან ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა.
პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო. ეს მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი.
— ბედნიერი ბავშვობა გქონდათ?
— დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე.
რვა თვის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა — მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედისთვის აუტანელი ცხოვრებისეული პირობები გამეუმჯობესებინა.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა.
პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ავიღე ასფალტზე ხატვაში. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულითა და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე კი, პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და მოსვლა ვერ შეძლო...
მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასდროს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა.
— ერთ დღესაც თეატრს შეაფარეთ თავი. ამის საბაბი რა გახდა?
— საბაბი ტკივილი გახდა. როცა 61 წლის უჯანმრთელესი დედა მოულოდნელად გარდამეცვალა. მაშინ იმხელა შოკი მივიღე, არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი.
დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო. მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი.
სწორედ მაშინ დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა.
მაგრამ მერე მეგობრებმა ეს ლექსები მოისმინეს, ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი, რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია.
— გობელენების ქსოვა როდის დაიწყეთ?
— გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია. აქ ცხოვრობენ ლეკები და ქისტები, რომლებიც თექასაც ამზადებდნენ და ხალიჩა-ფარდაგებსაც ქსოვდნენ. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და საქმე შინაც მოჰქონდა ხოლმე. როცა ქსოვას ვერ ასწრებდა, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა.
— პირველად როდის და სად დაიბეჭდა თქვენი ლექსები?
— საბავშვო თეატრალური წრე „ცისარტყელა“ რომ დავაარსე, გადავწყვიტე, სპექტაკლებისთვის თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და თავად დამედგა ისინი. ახლა საავტორო უფლებებს მკაცრად იცავენ და შესაძლო იყო, სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა.
ერთ დღესაც ადგილობრივი გაზეთი „ბახტრიონიდან“ დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ლექსები მიმეტანა. ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი „ქართველო, შეჩერდი“ გამოაქვეყნეს. დღემდე მახსოვს ხალხის რეაქცია. უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებულები კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა.
ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა.
— პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?
— სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მართალია, ხატვაში წარმატებული ვიყავი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა. მაგრამ ცუდი დრო იყო და ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, მიმაჩნდა, რომ მხატვრობით უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურით. როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
როდესაც თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და ბედნიერებას მანიჭებს.
— გაიხსენეთ, ვინ არიან ის ადამიანები?
— ეს ადამიანები არიან: ქალბატონები მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ.
დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ.
სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.
ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე — მამასთან, თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.
რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, 2001 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.
— ვიცი, რომ ბევრს მოგზაურობდით, რაში დაგარწმუნათ ამ მოგზურობებმა?
— მოვინახულე უამრავი ქვეყანა – ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუვა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი...
როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში. მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0