მიმინო აღარ არის: ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა
14:27 15.01.2023 (განახლებულია: 13:02 16.01.2023)
© photo: Sputnik / Oksana Dzadan ვახტანგ კიკაბიძე
© photo: Sputnik / Oksana Dzadan
გამოწერა
19 ივლისს ბუბა კიკაბიძე 85 წლის გახდებოდა
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. 84 წლის ასაკში ყველასათვის საყვარელი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდუსერმა დაუდასტურა.
ვახტანგ კიკაბიძემ 84 წლის იუბილე გასულ ზაფხულს ბათუმში სოლო კონცერტით აღნიშნა.
ვარსკვლავის გზა
კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
ვახტანგ კიკაბიძე ფილმში „მიმინო“
© photo: Sputnik / РИА Новости
/ მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
კადრი ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“
© photo: Sputnik / РИА Новости
/ ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საინტერესო ფაქტები ვახტანგ კიკაბიძეზე:
მას არაერთი პრემია, პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
ღირსების ორდენი (1994 წ)
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (1997 წ)
ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა, 1997 წ)
წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი, 1998 წ)
პრიზი „ოქროს გრამოფონი" (1998 წ)
1999 წელს გახდა ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემიის ლაურეატი.
1999 წელს მოსკოვის „ვარსკვლავების მოედანზე" გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
როდესაც ლონდონში ფილმ „აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერა შედგა, მას ესწრებოდა ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსიაც, რომელიც ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ როდესაც ვახტანგ კიკაბიძე შემოვიდა კინოდარბაზში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ბუბას გარს შემოეხვივნენ. ამის შემხედვარე ენდი გარსიას გაუკვირდა, ვინ არის ეს ვახტანგი, ხალხი მის გამო ასეთ დღეში რომ არისო.
მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში THE INTERNATIONAL WHO"S WHO.
თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1998 წელს.