საეკლესიო კალენდარი: 14 იანვარი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს აღნიშნავს წინადაცვეთას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ასევე იხსენიებს წმიდა ბასილი დიდს და მოწამე ბასილი ანკვირელს.
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა.
ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.
წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.
ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში.
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 13 იანვარი
სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.
მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსევიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით - „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .
ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა... - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 12 იანვარი
ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.
წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.
ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა.
წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი
წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ეწამა დაახლოებით 362 წელს. ანკვირსა და კონსტანტინეპოლში მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ ნეტარი მარტვილი კესარიაში ლომს დააგლეჯინეს
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0