„ბაღნობიდან“ გამოყოლილი ხასიათი და უცნაური ზარი „112“-ში

© courtesy of Mari Donadzeსიმონ დონაძე
სიმონ დონაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
კალანდის დადგომამდე გვინდა გურულებზე სახალისო ამბები მოგითხროთ და ოჯახში იმედიანი, ოპტიმისტი ადამიანი „გასტუმროთ“.
ამაღამ გურიაში და სრულიად საქართველოში კალანდა შემობრძანდება. კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. ხვალ, 14 იანვარს, კალანდობას, „აგუნაზე ჩამორება", ანუ აგუნას გადაძახება იწყება, რომელსაც თოფების სროლა მოჰყვება. აგუნა მევენახეობა-მეღვინეობის ქართული ღვთაებაა და მის პატივსაცემად რიტუალებს გურიაში შემოდგომასა და ახალ წელს ასრულებდნენ.
გურულები ახალი წლის საღამოს, დაღამებამდე ორი საათით ადრე სოფელში იკრიბებიან — ხუთიდან ათ კაცამდე. ოჯახის უფროსი შუა მარანში ჭურის თავზე გობს დადგამს, „სამ ღერ“ შინ ჩამოქნილ წმინდა სანთელს გობის სხვადასხვა კუთხეში აანთებს და ღმერთს ხმამაღლა შესთხოვს, მშვიდობის წელი გათენებულიყოს მისი ოჯახისთვის. შემდეგ იწყება აგუნას გადაძახება, რომელიც სიმღერით სრულდება და ერთ საათს გრძელდება.
კალანდის დადგომამდე გვინდა გურულებზე სახალისო ამბები მოგითხროთ და ოჯახში იმედიანი, ოპტიმისტი ადამიანი „გასტუმროთ“. ასეთად ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის მკვიდრი სიმონ დონაძე მივიჩნიეთ. მისთან დაკავშირებული ენაკვიმატი ამბები გურიაში სწრაფად ვრცელდება და ყველას ახალისებს.
© photo: courtesy of Mari Donadzeსიმონ დონაძე და მისი ქალიშვილი მარი დონაძე
სიმონ დონაძე და მისი ქალიშვილი მარი დონაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
სიმონ დონაძე და მისი ქალიშვილი მარი დონაძე
მისმა ქალიშვილმა, მარი დონაძემ მამა ასე დაახასიათა:

„ოჯახშიც ასეთია — ხუმარა და ენაკვიმატი. სულ კარგ ხასიათზეა და ხალისიანია. მასთან ყოფნა ყველას უყვარს. სხვათა შორის, მისი ისტორიები ტელევიზორში ბევრჯერ იყო“.

— ბატონო სიმონ, პროფესიით სამხედრო ხართ...
— ოფიცერი ვარ პენსიაზე. დღეს ოჯახის მამასახლისი გახლავართ. თხილი მაქვს, ყანა და მიწაზე ვმუშაობ. სამეგობრო დიდი მყავს. ზოგი მოსკოვშია, ზოგი ლონდონში და ზოგიც — ამერიკაში. ეგენი კლასელები და ბაღნობის მეგობრებია. ასე ვართ მიმოფანტული მსოფლიოში. ადრე გურულები ცხენზე ჯდებოდნენ და ისე ჩადიოდნენ ამერიკაში და დღეს თვითმფრინავით ვერ მოახერხებენ?!
— სტუმრიანი ოჯახი გაქვთ?
— მეზობლებს უყვართ ხოლმე ჩემთან შემოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ ცხვირის ჩამოშობა ჩვენთან არ იციან. დედა, რა მეშველებაო — არავინ ტირის. მე წარმოშობით რაჭველი ვარ, მარა გურიაში ჩემი წინაპრების მე-17 თაობაა უკვე. რაჭაში, ჩემი ისტორიული სოფლის ეკლესიაში სულ ჩავდივარ ხოლმე.
— ასეთი ოპტიმიზმი საიდან გაქვთ?
— მაი ხასიათი ბაღნობიდან მაქ და მშველის ყოლიფერში. სხვანაირად არ იქნება. უნდა გიყვარდეს ცხოვრება და იხალისო, სხვაი რა შეგრჩება?..
— თქვენზე ამბები ხშირად ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ერთმა ისტორიამ განსაკუთრებით პოპულარული გაგხადათ...
— რომელი ისტორია, საავადმყოფოში რომ ვიყაი და ძლივას გადავრჩი? მაი ამბავი ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ლადო მენაბდემ მეორე დღესვე გაავრცელა...
აქ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამბავს შეგახსენებთ: ერთ დღეს ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ობიექტ „ჩემ მარკეტთან“ მყოფ სიმონ დონაძეს უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა. ხალხი დაესია წაქცეულს, ზოგი „ვალიდოლს“ ჩრიდა, თურმე, პირში და ზოგი წყალს ასხამდა. ვიღაცამ „112“-ში დარეკა და მალე ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. ექიმებმა გონწასული მამაკაცი ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ პალატაში მოათავსეს.
როცა სიმონ დონაძე გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ პალატაში მარტო იყო. ერთი საათის განმავლობაში მასთან არავინ შესულა. კიდევ ორი საათი გავიდა და, როგორც თავად იხსენებს: „ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი არ გაჭაჭანებულა. მოვიხედე გვერდით და ჩემი ფანრიანი „ნოკია“ დევინახე, ევიღე და დავრეკე „112“-ში. „გისმენთ ბატონოო“, მიპასუხენ. ავუხსენი სიტუაცია, ამ და ამ ადგილზე ვარ, ამ და ამ პალატაში ვწევარ, დაუყოვნებლივ ვითხოვ შველას და გამოუშვით სასწრაფო-თქვა. კი მაგრამ, საავადმყოფოში თუ ხართ, სასწრაფო რაღად გინდათო?! რად მინდა და, სადაც წევიქეცი, ისთევ იქინე დამაბრუნეთ, იქ წყალი მაინც შემასხეს-თქვა!“
ბოლო შეკითხვაზე, ექიმები ხომ არ გაგინაწყენდნენ ამ ამბავზე–მეთქი, ბატონმა სიმონმა მიპასუხა: ეს ამბავი ყველამ გეიგო, მარა რას იზამდენ? რას მიშველიდა მთავარი ექიმი, გინეკოლოგია და...
ახლა კარგად ვარ, ოტკას ვსვამ, პანდემიის და ვირუსების დროს პატარა უნდა ჩოუფინო, თუარა, ისე არ გამოვა.
კალანდას ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველას მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ!
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0