სიტყვის ძალით შეცვლილი ბედისწერა, ანუ სავალალო ამბები საქართველოს ისტორიიდან

© Pixabay / 131355
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
არის და ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვა ძალიან ძვირი დაჯდომია თავად მთქმელსა თუ სხვას. და რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს, ქვეყნის ავ ბედისწერადაც კი ქცეულა იგი.
სწორედ ისე, როგორც რუსთაველი იტყოდა: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
1647 წელს „გურჯისტანის ვილაიეთის“, ანუ ახალციხის ფაშა იუსუფი — გათურქებული ჯაყელი გარდაიცვალა. ოსმალეთის სულთანმა იბრაჰიმ პირველმა ფაშობა გარდაცვლილის გამაჰმადიანებულ ძეს როსტომს უფეშქაშა. მანამდე ახალციხის ქართველ ფაშებს ხონთქრის კარი პირად გამაჰმადიანებას ავალდებულებდა, მაგრამ ოჯახის წევრთა გათათრებას არ მოითხოვდა. მაგრამ ახლა სულთანმა როსტომს ცოლის დაუყონებლივ გამაჰმადიანება მოსთხოვა:

„იქმენ ცოლნიცა მათნი, რომელნი მაჰმადიან არ არიან მაჰმადიანად“.

ამის მიზეზი კი გახლდათ როსტომ ფაშას ცოლის სიტყვები – დედამიწის ზურგზე არ არის ადამიანი, რომელიც ქრისტიანობას შემაცვლევინებსო.
მსტოვრებმა წვრილად ჩაუკაკლეს ხონთქარს მისი ნათქვამი და სულთანმაც როსტომს თავგასული დედაკაცის „ჭკუაზე მოყვანა“ უბრძანა, რაც მის გამაჰმადიანებას ნიშნავდა. მაგრამ კვლავ მტკიცე უარზე დადგა ქალი: სანამ სამცხეში თუნდაც ერთი ქალი იქნება ქრისტიანი, მანამ მე სჯულზე ხელს არ ავიღებ, არ გავთათრდებიო.
და ამით თითქოს იდეა მიაწოდა ოსმალებს – სულთანმა ჯიუტი ქალის ნათქვამი ხელზე დაიხვია და სამცხის მოსახლეობის სრული გამაჰმადიანების ბრძანება გასცა.
ამას მოჰყვა ქრისტიანული სამცხის სრული დაქცევა — დაწვეს, დაანგრიეს და გაავერანეს ეკლესია-მონასტრები, პირუტყვის სადგომად აქციეს ტაძრები, უმოწყალოდ დახოცეს დიაკვნები თუ მღვდლები, ძალით გაამაჰმადიანეს მოსახლეობა...
სამცხელთა დიდმა ნაწილმა, რომ არ გამაჰმადიანებულიყო, იმერეთსა და ქართლს შეაფარა თავი. ერთ დროს მდიდარი და აყვავებული მხარე გახრიოკდა და გაუკაცრიელდა...
***
კახეთის მეფე ალექსანდრე II ფანატიკოსი მონადირე იყო. ვრცელი სანადირო ნაკრძალ-ყორუღებიც ჰქონდა და ქანდა-ციხეებიც, ანუ მონადირეთა სადგომებიც ბევრგან ააგებინა.
მაინც უკმაყოფილო იყო მეფე, არ ჰყოფნიდა ვრცელი სანადიროები და ხუმრობით კახეთის მოსახლეობისგან გაუკაცრიელებას ნატრობდა თურმე, რომ შველ-ირემსა თუ ტახ-დათვზე ნადირობისთვის მეტი ადგილი გათავისუფლებულიყო.

„ახ, ნეტარძი ოხერ მექნეს კახეთი, რათა მაქუნდეს სანადირონი მრავლად!“ — ეს სიტყვები, რომლებიც ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ კახეთის ბედისწერად იქცა, სწორედ მას მიეწერება.

შაჰ აბას პირველმა ალექსანდრეს შვილიშვილს თეიმურაზ პირველს აუსრულა პაპის ხუმრობით ნათქვამი, „რომელიც ექმნა ძისა ძესა მისსა თეიმურაზს“, — ამბობდა ვახუშტი ბაგრატიონი.
1614-1618 წლებში სპარსელებმა ოთხჯერ ილაშქრეს კახეთში, სრულიად მოსრეს და გაანადგურეს იგი. მტერთან ბრძოლას 100 ათასამდე კახელი შეეწირა, ხოლო 300 ათასზე მეტი ირანში გადაასახლეს.
ქვეყანა სრულიად გაუკაცრიელდა, სამაგიეროდ ნადირ-ფრინველი მომრავლდა და მათ ბუნაგად იქცა ერთ დროს ხალხმრავალი დასახლებები, სადაც უკვე კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო.
***
ქართლის მეფე სვიმონ პირველს 1590 წელს მესამედ მოუხდა იმერეთის დალაშქვრა. ქართლის ჯარმა გზად სოფელ კორბოულში შეისვენა თურმე. ერთი იქაური დედაკაცი მისულა მეფესთან და თავისი ვაჟი წარუდგენია, ომში იახლე ჩემი ძე, გამოგადგებაო.
სვიმონს ამაყად გადაუხედავს მრავალრიცხოვანი ლაშქრისთვის და დედაკაცისთვის სიცილით მიუგია:
— „დედაო, ესე არ უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარ?!“ — და არ დააყენა ბიჭი ლაშქარში.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ოფშკვითთან გამართულ ბრძოლაში ქართლის მეფემ სასტიკი მარცხი იგემა და ძლივს გამოასწრო ცოცხალმა. კაცმრავალი ლაშქრიდან რამდენიმე მებრძოლიღა გადარჩენოდა სისხლიან ხმალთაკვეთას.
უკან დაბრუნებულ მეფესა და მის მცირე ამალას სოფელი კორბოული გაუვლია ისევ. იმ ქალსაც უცვნია მხედარი, თოხნისთვის თავი მიუნებებია, მეფეს მიგებებია, თაყვანი უცია და მოურიდებლად უთქვამს: ხელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალ იყავ, ვეჭვობ, ახლა კი გამოგფხიზლებიაო...
ყველა ახალი ამბავი
0