ქართული ღვინის კომპანიებში კონტროლი განხორციელდა: რა დარღვევები აღმოჩნდა ღვინის ნიმუშებში?

© photo: Sputnik / Stringerღვინის მაღაზია
ღვინის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2022 წელს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის.
საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

„აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების SGS-ის და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 280 დეგუსტაცია – 12.632 ნიმუშიდან 630 ნიმუში შეფასდა უარყოფითად.
„ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში აღებული იყო 125 ნიმუში, რომლებზეც მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებიც სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. აქამდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0