მედიცინა+ფსიქოლოგია: რაზე მეტყველებს სხვადასხვა ორგანოს ტკივილი
19:06 13.01.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
გამოწერა
იცით, რას მიიღებთ, თუ მედიცინასა და ფსიქოლოგიას „შეაჯვარებთ?“ რას და ფსიქოსომატიკას.
ეს ერთგვარი მიმართულებაა მედიცინაში, რომელიც ჯანმრთელობაზე ემოციების, შიშებისა და ფსიქოლოგიური ბლოკების გავლენას სწავლობს. ამ კონცეფციას მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს და გასაკვირი არ არის, რომ დასავლური მედიცინაც მასზეა დაშენებული.
სიმართლე რომ ითქვას, ნებისმიერი დაავადება ფსიქოსომატურია, რადგან ის, რაც ხდება სხეულში, აუცილებლად აისხება სულზეც და პირიქით.
მაშ ასე,
რაზე მიგვანიშნებს ამა თუ იმ ორგანოს პრობლემა:
თავი - თუ თავი ხშირად ან გამუდმებით გტკივათ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აზრები, ჭარბი ინფორმაცია და საფიქრალი „გტკივათ“. ეს უფრო ხშირად მაღალინტელექტუალური ადამიანების დაავადებაა, რომლებიც ემოციებს თრგუნავენ. თავის ტკივილის პრობლემა დაბალ თვითშეფასებაზე, შიშებზე, შინაგან პროტესტებსა და კიდევ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი რაღაცას მალავს საკუთარ თავში.
თმა - თმებთან დაკავშირებული პრობლემები (ნაადრევი ჭაღარა, თმის ცვენა, მათი უსიცოცხლობა) სტრესის, სასოწარკვეთისა და უმწეობა-უსუსურობის ინდიკატორია. თმები — განსაკუთრებით ქალებში — სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლოა. პრობლემები შესაძლოა წამოიჭრას მაშინ, თუ ადამიანი გამუდმებულ დაძაბულობასა და შიშში ცხოვრობს. ხანდახან კი ეს მაღალი ეგოს, პატივმოყვარეობისა და ღმერთზე გაუცნობიერებელი წყენის გამოვლინებაა.
კისერი - კისერი გონებასა (თავს) და გრძნობებს (სხეულს) აკავშირებს ერთმანეთთან. კისერთან დაკავშირებული პრობლემები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ორი ერთმანეთთან ვერ „თანხმდება“. მეტაფიზიკურ დონეზე ეს სულიერ და მატერიალურს შორის ხიდად ფასდება. კისრის დაავადებები მოქნილობის არარსებობაზე მიუთითებს: ადამიანს ეშინია შებრუნდეს და ზურგს უკან ნათქვამი სიმართლე მოისმინოს, ვითარებაში გარკვევის ნაცვლად, უბრალოდ „აიგნორებს“ სიტუაციას.
თვალები
ახლომხედველობა — ეს შორსმჭვრეტელობის არარსებობაზე, მომავლისა და საკუთარი ცხვირს იქით გახედვის შიშებზე მიუთითებს.
შორსმხედველობა — დღევანდელობით ცხოვრების უუნარობაზე მეტყველებს. შორსმხედველი ადამიანი ზედმეტად დიდხანს იფიქრებს და მხოლოდ მერე გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია, რომ გააკეთოს; მას არ შეუძლია ვითარების მთლიანობაში დანახვა.
გლაუკომა — მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ახლა, დღესაც კი განიცდის წარსულს და არ სურს დაივიწყოს, მიუტევოს და მიიღოს აწმყო.
კბილები - კბილების ტკივილი მერყევი, გაუბედავი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ანუ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვა იღებს, არ შეგწევთ ცხოვრებისეული სიტუაციების ანალიზის უნარი.
საღეჭი კბილების პრობლემა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ არ შეგწევთ მდგომარეობის გათავისების უნარი.
ზედა გვერდითი კბილები გადაწყვეტილებების მიღებაზე აგებს პასუხს, ქვედა გვერდითი კბილები — პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე.
მარცხენა მხარეს განლაგებული კბილები — ეს პირადი ცხოვრებაა, ხოლო მარჯვენა მხარეს — სოციალური ცხოვრება.
არსებობს მოსაზრება, რომ სხეულის მარცხენა მხარეზე არსებული პრობლემები დედასთან ურთიერთობაში არსებულ დაძაბულობაზე მიუთითებს, ხოლო მარჯვენა — მამასთან.
პირის ღრუ - პირის ღრუს დაავადებები, მაგალითად, სტომატიტი, იმ წყენაზე მიანიშნებს, რომელიც ადამიანს სულს „უჭამს“.
ენის ხშირი კვნეტა — ეს საკუთარი თავის დასჯაა ყბედობის გამო, ლოყებზე კბენა კი შფოთვასა და საიდუმლობის მალვაზე მეტყველებს.
ტუჩები - ეს ჩვენი მგრძნობელობითი ბუნების ანარეკლია. სულიერი პრობლემებიდან გამომდინარე, მათზე შესაძლოა აისახოს შემდეგი:
ნახეთქები — ანუ ადამიანი იხლიჩება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს შორის;
ტუჩების კვნეტა — ანუ ადამიანი საკუთარ თავს სჯის იმის გამო, რომ მგრძნობიარობა გამოავლინა;
ჰერპესი — იგივეს ნიშნავს, რაც ტუჩების კვნეტაა, ოღონდ უფრო სერიოზულ ფორმაში.
ზურგი - ცხოვრების საყრდენის სიმბოლოა და ტკივილები ზურგის არეში იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს მორალური საყრდენი არ გააჩნია. ის ფიქრობს, რომ არ უყვართ. ან თავადაა იძულებული, დამალოს სიყვარული.
თუ ადამიანი ზურგის ტკივილის გამო საძრაობას კარგავს, ე.ი. მას არ შეუძლია გადმოსცეს სიყვარული მოქმედებით.
თუ ტკივილი მარცხენა მხარესაა — იგულისხმება ახლობლების მიმართ სიყვარული, ხოლო თუ მაჯვენაზე — სამყაროს მიმართ სიყვარულზე.
წელი - ეს კონფლიქტია და კიდევ დანაშაულის შეგრძნება. ყურადღება წარსულში მომხდარზეა მიჯაჭვული.
წელის ქვედა ნაწილი მატერიალურ კეთილდღეობას, ფულს, პარტნიორს, სახლს, ბავშვებს, სამსახურს, სწავლასა და ა.შ. უკავშირდება. ტკივილები ამ არეში იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს სურს გააჩნდეს რამე ქონება, რათა თავი უფრო მყარად, თავდაჯერებულად იგრძნოს. თუმცა ამაში ვერც საკუთარ თავს უტყდება და ვერც სხვებს. შედეგად, ყველაფრის გაკეთება თავად უწევს, ანუ ყველა ტვირთს საკუთარი ზურგით ზიდავს.
მუხლები - მათი პრობლემები დაკავშირებულია სიჯიუტესთან, პატივმოყვარეობასთან, დათრგუნულ შიშებთან და ასევე დათმობაზე, უკან დახევაზე უართან.
სახსრები
ბურსიტი — დათრგუნული რისხვა. ადამიანი ყველაფერში სრულყოფისკენ ისწრაფვის, წვრილმანებშიც კი. ის არ აძლევს თავს უფლებას, გამოავლინოს რისხვა და მთელი ეს მრისხანება სახსრებში გროვდება.
ართრიტი — ადამიანს მიაჩნია, რომ არ უყვართ. არადა, ართრიტით დაავადებულები, როგორც წესი, ძალიან „სწორი“ ადამიანები არიან. მათთვის მთავარია სიტყვა „უნდა“ და, შესაბამისად, შეუძლიათ თუ არა, ყველაფერს აკეთებენ. ასეთებში ძალიან ძლიერაა განვითარებული „შინაგანი კრიტიკოსი“.
ამოვარდნილობა — თუ ეს ხშირად გემართებათ, ე.ი. ზედმეტად იძლევით თქვენით მანიპულირების უფლებას;
ჭარბი წონა - ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს გარე ზემოქმედებებისგან თავის დაცვა სურს. ანუ ადამიანი ზედმეტად დაუცველია სოციუმის, ცხოვრების წინაშე და ზოგადადაც.
სიმსუქნე ხანდახან იმაზეც მიანიშნებს, რომ პიროვნებამ საკუთარ თავში ჩაკლა სწრაფვა სასურველისკენ. ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმეტესობას ბავშვობაში არაერთი დამცირება, დაცინვა და შეურაცხყოფა აქვს გადატანილი.
წვივები - წვივებთან დაკავშირებული პრობლემები ცხოვრებისეულ პრინციპებთან კონფლიქტებზე მიანიშნებს. შესაძლოა იდეალები დაგემსხვრათ, შესაძლოა რაღაც ისეთი გსურთ, რაც თქვენსავე მორალურ ნორმებს ეწინააღმდეგება.
ტკივილი წვივებში ადამიანს ხელს უშლის მოძრაობაში — სიარულსა თუ სირბილში და ამიტომ ეს მომავლისადმი დამოკიდებულებასთან, ცხოვრებაში წინსვლის უნართანაა დაკავშირებული.
კუჭი - ექიმები ირწმუნებიან, რომ კუჭის პრობლემები ხშირად ნერვული დაძაბულობისა და განცდების ფონზე ჩნდება. კუჭთან დაკავშირებული პრობლემები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი თითქოს ჰაერშია გამოკიდებული, გაურკვევლობაშია და ხანდახან სასოწარკვეთაც კი ეუფლება.
კუჭის წყლული მიანიშნებს ჩამორჩენილობის შეგრძნებაზე, შიშებსა და დაუცველობის გრძნობაზე.
წყლული ასევე ჩნდეა იმ გაღიზიანების გამო, რომელსაც ადამიანი შიგნით აგროვებს და გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევს. არადა, ყველაფრის ამოთქმა რომ ეცადათ, არასდროს დაავადდებოდნენ კუჭის წყლულით.