საკონსტიტუციო სასამართლო პენსიონერთა დახმარების შესახებ ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც შშმ პირთა პენსიებისა და დახმარების საკითხს ეხება.
სახალხო დამცველი თავის სარჩელში აპროტესტებს შშმ პირთათვის პენსიისა და დახმარების ერთდროულად მიღების აკრძალვას, რომელიც გათვალისწინებულია მთავრობის დადგენილებით „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“.
ომბუდსმენის აზრით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს „თანასწორობის შესახებ“, რადგანაც საპენსიო ასაკს მიღწეულ შშმ პირებს დახმარების მიმღებ სხვა პირებთან არათანასწორ პირობებში აყენებს. შშმ პირებისთვის დახმარება ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ბარიერების გადალახვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
სახალხო დამცველის აზრით, ასაკობრივი პენსია კი ემსახურება პენსიის მიმღების მანამდე არსებული შემოსავლის ჩანაცვლებას.

„ორივე პაკეტს, საპენსიო და შშმ პირთათვის, ერთი და იგივე მიზნები აქვს და ნორმა არ უნდა გამორიცხავდეს სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის ერთდროულად მიღებას“, – ნათქვამია სარჩელში.

სახალხო დამცველი მოითხოვს დადგენილებიდან აღნიშნული აკრძალვის ამოღებას – გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებიდან და შშმ პირებზე ზრუნვის სახელმწიფოს ვალდებულებებიდან.
ამჟამად 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 295 ლარს შეადგენს, 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 365 ლარს. კატეგორიების მიხედვით შშმ პირთათვის სოციალური პაკეტი 135–148 ლარია.
შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.
ყველა ახალი ამბავი
0