სამკაულებში გადატანილი პოზიტივი და ქვეყანა, რომელიც შენი ვერასოდეს გახდება

© courtesy of Leila Kurtsikidzeლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
ამ ქალბატონმა შეძლო, რომ უცხოეთში თავისი გატაცებისთვის მიეგნო და წარმატებული გამხდარიყო. თუმცა აღიარებს – ერთადერთი, რასაც უცხოეთში ვერ მოერია, მონატრებაა.
ამერიკაში მცხოვრები ლეილა ქურციკიძე–ბახტაძე პროფესიით ეკონომისტია და 12 წელი საქართველოში შემნახველი სალაროების სამმართველოში მუშაობდა. ამერიკაში მისმა სამკაულებმა და აქსესუარებმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურად გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Pearl New York-ზე მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში. მისი რამდენიმე ნამუშევარი ASC New York Fasion Week-ის კვირეულზე და მანჰეტენის გალერეა Phoenix Galleries-ში იყო წარმოდგენილი.
© photo: courtesy of Leila Kurtsikidzeლეილა ქურციკიძე
ლეილა ქურციკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
ლეილა ქურციკიძე
— ქალბატონო ლეილა, საახალწლო ტრადიციებს თუ იცავთ ამერიკაში?
— ქართველი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად დარჩება თავისი ტრადიციებით, რომელსაც ყველგან იცავს. ამ მხრივ ახალი წელიც არ არის გამონაკლისი.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებს, ვუსურვო მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებული ცხოვრება. კეთილი იყოს ახალი წლის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში და მთელ პლანეტაზე.
— ამერიკაში არის ადგილები, სადაც ქართული სული ტრიალებს?
— დიახ, აქ არის ასეთი მაღაზიები და რესტორნები. ბევრგანაა ქართული სამზარეულო, თონე, ჩურჩხელები... მოკლედ, რაც გვიყვარს, ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი.
ამერიკაში ოჯახით ვიმყოფები და ასევე მყავს მეგობრები. ერთმანეთის სანახავად ხშირად დავდივართ და ქართულ დღესასწაულებს ვულოცავთ.
© photo: courtesy of Leila Kurtsikidzeლეილა ქურციკიძის ნამუშევარი
ლეილა ქურციკიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
ლეილა ქურციკიძის ნამუშევარი
ამერიკაში ჩამოსვლის პირველი შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს, ძალიან ემოციური იყო. როცა აეროპორტიდან პირდაპირ ღამის მანჰეტენზე აღმოვჩნდი, გამაოცა ცამდე აზიდულმა, გაბრჭყვიალებულმა, რეკლამებით სავსე ბობოქარმა ნიუ-იორკმა.
— თქვენს გატაცებას, საყვარელ საქმეს უცხოეთში მიაგენით?
— სამკაულების დამზადება ჩემთვის ბიზნესი არ არის, ჰობია, რადგან აქ ამით ფულს ვერ იშოვი. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს.
ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც შანსს გაძლევს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინო. ერთადერთი, აქ დროის ნაკლებობას განვიცდი. აქ ისეთ გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომ შეუძლებელი იყო მეც არ მესწავლა ტყავზე მუშაობა. ამბობენ, სწავლა სიბერემდეო, რაც მეტს სწავლობ, უფრო ხვდები იმას, თურმე, რამდენი რამ არ იცი.
სამკაულების კეთების სურვილი და იმპულსი დედისგან მაქვს. საკმაოდ ნიჭიერი ქალი იყო, ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა. ამას გარდა, ჩემი ქალიშვილი და სიძე არქიტექტორები არიან და ძირითად სპეციალობას ხატვას უთავსებენ, ასევე შესანიშნავ ნივთებს ქმნიან ტყავისგან.
© photo: courtesy of Leila Kurtsikidzeლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარები
ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
ლეილა ქურციკიძის ხელნაკეთი აქსესუარები
— ბევრი სამკაული შექმენით და ორი ერთნაირი ნახელავი თუ გაქვთ?
— მთლიანობაში საკმაოდ ბევრი მაქვს შექმნილი და ყველა სამკაულის თუ აქსესუარის დიზაინი განსხვავდება ერთმანეთისგან. დიახ, არ ვმეორდები და, კიდევაც რომ მოვინდომო, ალბათ მეორე მსგავსს ვეღარც გავაკეთებ, რადგან იგივე განწყობა მეორედ აღარ მექნება.
ბუნებით პოზიტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ ეს ჩემს ნამუშევრებშიც გადავიტანო. არ ვიცი, ჩემი განწყობა მათში როგორ აისახება ხოლმე, მაგრამ ის კი უთქვამთ, ეს სამკაულები შენ გგავს, შენსავით ლამაზი და დახვეწილიაო.
— ვიცი, რომ მათი გაჩუქება გიყვართ.
— დიახ, ბევრი აქსესუარი გაჩუქებული მაქვს და ეს ძალიან მახარებს. თუმცა მაქვს ისეთი ნივთები, რომელიც ჩემთვის თილისმასავითაა, ამიტომ ვერ შეველევი.
როცა უცხო ადამიანს გავიცნობ ხოლმე, მასში მინდა, რომ მხოლოდ დადებითი მხარე, სულის სილამაზე დავინახო. ნებისმიერ ნივთშიც ასევე სილამაზეს ვეძებ და ისე მინდა წარმოვაჩინო, რომ მიმზიდველი იყოს. ხანდახან ვხატავ კიდეც. პროფესიით ეკონომისტი ვარ და 12 წელი საქართველოში შემნახველი სალაროების სამმართველოში ვიმუშავე. შემდგომი წლები კი ჩემი შვილების გაზრდა-აღზრდას მივუძღვენი. აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ალბათ ამ დიდ ქვეყანას და ამდენ რამეს ვერასდროს ვნახავდი.
© photo: courtesy of Leila Kurtsikidzeლეილა ქურციკიძის ნახელავი
ლეილა ქურციკიძის ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
ლეილა ქურციკიძის ნახელავი
— კიდევ რისი კეთება გიყვართ?
— მოგზაურობა მიყვარს, მინდა ყველაფერი მოვასწრო და ვნახო. ამ ხუთი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის, ბრუკლინის, ვაშინგტონის დიდ მუზეუმები მოვიარე. ბევრი საინტერესო ადგილი დავათვალიერე.
მიყვარს მოგზაურობა და გულგრილი ვერ დავრჩი, როცა დავინახე ნიაგარა და ოკეანეში მიმობნეული ათასი პატარა კუნძული.
— რას ვერ მოერიეთ უცხოეთში?
— ერთადერთი, რას აქ ვერ მოვერიე, სამშობლოს მონატრებაა. ამერიკამ ბევრი რამ დამანახა და მასწავლა, მაგრამ პიროვნულად ვერ შემცვალა.
მადლობა ამ ძლიერ, სტუმართმოყვარე, ერთგულ, ყველას დამხმარე, თავისუფალ და კანონიერ ქვეყანას, რომელიც ყველა ადამიანში იმედის ნაპერწკალს აღვივებს. თუ შრომა არ გეზარება, ეს ქვეყანა ცოდნასა და გამოცდილებას არასოდეს დაგიკარგავს.
ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. აქ ვერ იქნები უსაქმური, რადგან როგორც პიროვნულად, ისე ფიზიკურად დაიკარგები.
მადლობა ამერიკას ყველაფრისთვის, მაგრამ ის მაინც სხვა ქვეყანაა და შენი ვერასოდეს გახდება...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0