დასახელდა ინსულტის წინასწარი სიმპტომი: რა არის დისფაგია?

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ისეთი ვერაგი დაავადების წინასწარ ამოცნობა, როგორიცაა ინსულტი, რამდენიმე ნიშნით შეიძლება, რომელთა შორის ასევე არის დისფაგია, წერს Deyli Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ინსულტი მაშინ ხდება, როდესაც თავის ტვინში სისხლის მიწოდება უეცრად წყდება. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე დარჩენილი ნერვული უჯრედები კი უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ იღუპება. ეს ძალიან საშიშია.
მისი რამდენიმე წინასწარი სიმპტომი ასე გამოიყურება:
ჰალუცინაციები — შეიძლება იყოს ნებისმიერი სახისა: მხედველობითი, სმენითი და ყნოსვითი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთ ძლიერ პრეპარატებს არ იღებთ, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, მაშინ ჰალუცინაცია თავის ტვინის უჯრედების კვდომის უეჭველი ნიშანია და ამან აუცილებლად უნდა დაგაყურადოთ.
გვირაბული ხედვა — ანუ, როდესაც წინ კარგად ხედავთ, გვერდულად კი ვერა. თუ მსგავსი სიმპტომი თანდათან ჩამოგიყალიბდათ, ეს სხვაა, მაგრამ თუ მხედველობა რამდენიმე წამში გაგიუარესდათ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. იგივე შეიძლება ითქვას მხედველობისა თუ სმენის ნებისმიერი სხვა სახის მყისიერ დარღვევაზე.
თავის ტკივილი — მკვეთრი ტკივილი, რომელიც უეცრად იწყება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ მსგავსი რამ მანამდე არ დაგმართიათ.
მოძრაობის დარღვევა — დადექით სარკესთან ან სთხოვეთ ახლობლებს, დააკვირდნენ თქვენს მოძრაობას. ასწიეთ ორივე ხელი, შემდეგ დაწექით და ასწიეთ ორივე ფეხი. თუ მოძრაობა არასინქრონულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგივე ეხება ასიმეტრიულ ღიმილს.
მეტყველების დარღვევა — ეს სიმპტომი შეიძლება თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ. ამიტომ თუ ვინმემ გითხრათ, რომ მეტყველება დარღვეული გაქვთ, მაშინვე სასწრაფოში დარეკეთ. გარდა ამისა, შესაძლოა ასევე გაგიჭირდეთ ირგვლივ მყოფთა საუბრის გაგებაც.
წნევის მკვეთრი ცვალებადობა — ეს სიგნალი სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მკურნალობა და არ დაელოდოთ უფრო სერიოზული პრობლემების გაჩენას.
კოორდინაციის დაკარგვა — ეს სიმპტომი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება. ამიტომ სასწრაფოდ ექიმს მიაშურეთ.
გარდა ამ უკვე ცნობილი სიმპტომებისა, როგორც ბრიტანელი ექიმი ჯოზეფ ამბანი ამბობს, ინსულტზე მეტყველებს დისფაგიაც, ანუ ყლაპვის გართულება, რაც შეტევამდე ერთი კვირით ადრე მოულოდნელად იჩენს თავს.
დისფაგია — ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს სითხის ან მყარი საკვების (ან ერთდროულად ორივესი) გადაყლაპვა უჭირს.
ამასთან დისფაგია არ უნდა აგერიოთ ყელში რაღაცის გაჩხერვის შეგრძნებასთან, რაც, როგორც წესი, ისეთ დროს იჩენს თავს, როდესაც ადამიანი არ ჭამს. ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა.
გახსოვდეთ: ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ინსულტი არ დაგემართებათ. მაგრამ მისი რისკის შემცირება კი შეიძლება. ამისათვის საკმარისია მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გააკონტროლოთ ქრონიკული დაავადებები.

საინტერესო ფაქტები

მსოფლიოში ინსულტის შემთხვევა ყოველ 40 წამში მეორდება;
დაავადების შედეგად ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება;
ქვეყნების უმეტესობაში ინსულტი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს;
ინსულტი არ არის „ბებრული დაავადება“, ის ნებისმიერს შეიძლება დაემართოს — მოზარდებს, ბავშვებს, ახალშობილებს და მუცლად მყოფებსაც კი.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0