ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
1953 წელს აშენებული შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ავტორი არქიტექტორი არჩილ ქურდიანია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი წერეთლის გამზირებს შორის მდებარე შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.176.063 ლარია.
დედაქალაქის მერია ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციას გასულ წელსაც გეგმავდა – ტენდერი 2022 წლის თებერვალში გამოცხადდა, თუმცა ტენდერში მონაწილეთა სიმცირის გამო იგი ჩაიშალა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2.693.232 ლარს შეადგენდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სრულად შეცვალოს ხიდის სავალი ნაწილისა და ტროტუარის საფარი, საკომუნიკაციო და განათების სისტემები, განაახლოს ჰიდროიზოლაცია, თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი და მცირე თაღის დაზიანეული უბნები, ტროტუარის კონსოლები, ხიდის მოაჯირები და პარაპეტები.
სატენდერო პირობების თანახმად, ხიდის სარემონტო სამუშაოები კონტრაქტის ხელმოწერიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
1953 წელს აშენებული შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ავტორი არქიტექტორი არჩილ ქურდიანია. ორმალიანი რკინაბეტონის ხიდის დიდი თაღოვანი მალი (72 მ) გადადის მტკვრის კალაპოტზე. ხიდის საერთო სიგრძე 151,9 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 20,5 მეტრი, ხოლო ტროტუარების – 3 მეტრი. ხიდი მოპირკეთებულია ბოლნისის ოქროსფერი ტუფით და რუხი გრანიტით.
ყველა ახალი ამბავი
0