თუ ყური გიხურთ: როგორ განმარტავენ ძველები ამ მინიშნებას

© Pixabay / Arno_M
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
ძველების რწმენით, თუ ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილი უხურს, ექავება თუ უწითლდება, მის ცხოვრებაში რაღაც მოვლენაა მოსალოდნელი.
მაგალითად, თუ მავანს ორივე ყური იმ მომენტში უხურდა, როცა ვინმე კონკრეტულ ადამიანზე ფიქრობდა, უახლოეს მომენტში მასთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. მეორე ვერსიით, ეს ამინდის ცვლილებას მოასწავებდა, სავარაუდოდ, უნდა გაწვიმებულიყო.
მერე და მერე ეს მინიშნებები კვირის დღეებზე გადანაწილდა და განსხვავებული მნიშვნელობები შეიძინა. ანუ ორშაბათს აწითლებული ყური სხვა რამეს ნიშნავდა, სამშაბათს - სხვას და ა.შ.
ქვემოთ გაგაცნობთ, როგორ განმარტავდნენ ჩვენი წინაპრები და რა სიახლეები შეემატა თანამედროვეობაში ყურთან დაკავშირებულ ნიშნებს კვირის დღეების მიხედვით.

თუ ორივე ყური გიხურთ:

ორშაბათს: მოსალოდნელია პრობლემები ნათესავებთან ან ხელმძღვანელობასთან. ამიტომ თავი შეიკავეთ მკვეთრი გამონათქვამებისგან, თორემ ჩხუბს ვერ ასცდებით. შეეცადეთ დათრგუნოთ აგრესია და არ წამოეგოთ მავანის ანკესს, რომელიც თქვენ პროვოცირებას შეეცდება;
სამშაბათს: მოსალოდნელია განშორება შეყვარებულთან ან ახლო მეგობართან. მიაქციეთ ყურადღება – განშორება და არა აუცილებლად დაშორება! შესაძლოა ეს უბრალოდ სადმე გამგზავრებასთან იყოს დაკავშირებული;
ოთხშაბათს: ელოდეთ მნიშვნელოვან შეხვედრას. თუ უკვე დანიშნული გაქვთ ვინმესთან შეხვედრა, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებს. ამიტომ კარგად და ყურადღებით მოემზადეთ ამ რანდევუსთვის. თუ შეხვედრა ჯერ არ გაქვთ ჩანიშნული, მაშინ ბედი უახლოეს მომავალში გამოგიგზავნით ადამიანს, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას;
ხუთშაბათს: კარგ ამბავს გაიგებთ. ეს ცნობა ნებისმიერი შინაარსისა შეიძლება იყოს;
პარასკევს: მოასწავებს რომანტიკულ შეხვედრას. ნუ უარყოფთ თაყვანისმცემელს, შესაძლოა ეს ბედისწერის საჩუქარი იყოს;
შაბათს: მოსალოდნელია უსიამოვნო ამბის გაგება. ჩვენი წინაპრები ამ დღეს მიღებულ ყურის ნიშანს ძალიან უფრთხოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ეს უბედურებას მოასწავებდა. დრამატიზება არ ღირს, თუმცა სიფრთილეს თავი არ სტკივა;
კვირას: თქვენი შრომა დაფასდება და მატერიალურ მოგებას მიიღებთ.
ახლა გაგაცნობთ, რას ნიშნავს მარჯვენა და მარცხენა ყურის აწითლება ცალ-ცალკე.

თუ მარცხენა ყური გიხურთ:

დღისით: ვიღაც თქვენზე მსჯელობს ან უბრალოდ გახსენებთ. ძველებს სჯეროდათ, რომ ეს მსჯელობა ნეგატიური ხასიათისა არ უნდა ყოფილიყო. ანუ ვინმე ბოროტად კი არ გჭორავთ, არამედ გიხსენებთ;
საღამოს: ვიღაც ტყუილს ამბობს თქვენ შესახებ. და თუ იმავდროულად სახეც გიხურთ, მაშინ უახლოეს მომავალში მცირე კამათი გელით ჭორებთან დაკავშირებით.

თუ მარჯვენა ყური გიხურთ:

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვიღაც ძალიან ბრაზობს თქვენზე, გლანძღავთ და უსიამოვნო კონტექსტში გახსენებთ.
თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. თუ მარჯვენა ყური უბრალოდ კი არ გიხურთ, არამედ პირდაპირ ცეცხლი გიკიდიათ, ე.ი. ვიღაც თქვენზე სიმართლეს ლაპარაკობს.
ასეთია ის ცრურწმენები, რომლებიც ყურს უკავშირდება და რომლებიც ღრმა წარსულიდან მოვიდა ჩვენამდე.
ირწმუნებთ თუ არა მათ, ეს უკვე თქვენი საქმეა.
ყველა ახალი ამბავი
0