თქვენი შვილი ინდიგოა, თუ... როგორ ამოვიცნოთ ათასწლეულის ბავშვები - ნიშნები და თვისებები

© Pixabay / Rosiette-Stock
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
„ინდიგო ბავშვი“ — ფსევდომეცნიერული ტერმინია, რაც, ერთ-ერთი ვერსიით, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებულ და უკიდურესი ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ბავშვს გულისხმობს.
ეს ტერმინი პირველად ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა გამოიყენა 1982 წელს იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც „ინდიგოსფერი აურა“ ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ფენომენის არსებობა მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, მოდით, ვნახოთ, რა თვისებებს მიაწერენ ინდიგო ბავშვებს და რა ნიშნებით შეიძლება მათი ამოცნობა.

მაშ ასე, თქვენ წინაშე ინდიგო ბავშვია, თუ მას ახასიათებს:

სოციალური პასიურობა — ბავშვს არ აინტერესებს თავისი ასაკისთვის შესაფერისი სათამაშოები და თანატოლებთან როლების მორგებით თამაში. ის ან განმარტოებას ირჩევს, ან უფროსებთან ურთიერთობას. აინტერესებს ისეთი თემები, როგორებიცაა: სიცოცხლე, სიკვდილი, ცხოვრების აზრი, როგორ ჩნდება ესა თუ ის მოვლენა...
ცნობიერების განვითარებით ისინი თითქოს რამდენიმე წლით უსწრებენ თანატოლებს.
წარმატება შემეცნებაში — ინდიგო ბავშვი იოლად სწავლობს ლექსებს, ადვილად უმკლავდება სასკოლო პროგრამას. არ უჭირს მასწავლებლებთან დისკუსია და არგუმენტირებული მოსაზრებების გამოთქმა.
აღსანიშნავია, რომ წარმატება შემეცნებაში არ ნიშნავს მაღალ ნიშნებს სკოლაში! ეს იმიტომ, რომ ასეთ ნიჭიერ ბავშვებს მალე ბეზრდებათ ერთფეროვანი დავალებები.
რაც შეეხება დისციპლინას, შესაძლოა, პრობლემებმა ამ კუთხითაც იჩინოს თავი, ვინაიდან ინდიგო ბავშვი ნებისმიერი ხერხით ცდილობს საკუთარი მოსაზრების გამოთქმას.
ძალიან მაღალი თვითშეფასება — როგორც წესი, ინდიგო ბავშვები აცნობიერებენ საკუთარ უპირატესობას სხვების მიმართ. ღირსების ჰიპერტროფირებული გრძნობის გამო ისინი ხშირად აგრესიულები ხდებიან მშობლების აკრძალვებისა და დასჯის პასუხად.
ამასთან ინდიგოს ახასიათებს საკუთარი თავისადმი პატივისცემა, თავისი ძალების რწმენა და სახიფათო ვითარებაში თავდაცვის უნარი.
ძლიერი ემპათია — ინდიგოები ძალიან მგრძნობიარეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარტოობისკენ ისწრაფვიან, ეს ალტრუისტი ბავშვები უცნობ ადამიანსაც კი უანგაროდ ეხმარებიან.
ამასთან, არიან უკიდურესად ემოციურები: დიდხანს მიჰყვებათ წყენა და ასევე მიდრეკილები არიან ინტელექტუალური გადაღლილობისადმი.
კარგი ინტუიცია — ინდიგოებს ძლიერი ინტუიცია აქვთ. მეექვსე გრძნობის წყალობით მათ შეუძლიათ წინასწარ განჭვრიტონ მოსალოდნელი მოვლენა. თუმცა დანარჩენი ხუთი გრძნობაც უფრო კარგად აქვთ განვითარებული, ვიდრე „ჩვეულებრივ“ ბავშვებს.
სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „ინდიგო ბავშვების“ დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ ინდიგო ბავშვების განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა.
გარდა ზემოთქმულისა, არსებობს ინდიგო ბავშვების გარკვეული თავისებურებების ჩამონათვალიც, რაც ასე გამოიყურება:
ისინი ამ სამყაროში მოდიან ჩამოყალიბებული შეგრძნებებით, ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს შეაქვთ.
არ მიაჩნიათ საჭიროდ, ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი.
სძულთ კონსერვატიზმი და იბნევიან, როდესაც ასეთ სისტემას აწყდებიან. ვერ ეგუებიან შემოქმედებითი აზროვნების არარსებობას, როდესაც წარსულში შემუშავებული მეთოდებით უნდა იმოქმედო.
რაიმე საქმის კეთებისას ეყრდნობიან საკუთარ თავს, მიმართავენ იმპროვიზაციას, თუმცა ამას მშობლები თუ პედაგოგები წესის დარღვევად აღიქვამენ.
თუ მათ გვერდით მსგავსი მენტალიტეტის მქონე არ აღმოჩნდება, საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათი არავის ესმის.
ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურადღებას არ აქცევენ ისეთ მუქარას, როგორიცაა „მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს“).
ბავშვი-ინდიგო მგრძნობიარეა და სუსტიც. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი.
როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ ტექნიკას – სულ ერთია, მობილური ტელეფონი იქნება ეს, კომპიუტერი თუ სხვა კიდევ უფრო რთული რამ.
ყველა ახალი ამბავი
0