გემუქრებათ თუ არა გულის იშემიური დაავადება: უჩვეულო ნიშანი ყურზე

© Pixabay / naturalherbsclinic
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. გულის იშემიური დაავადება ფრიად სახიფათო სენია, რომელიც გულის კუნთის არტერიული სისხლით მომარაგების შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში იჩენს თავს და ბევრ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება. თუმცა არსებობს ნიშანი, რომელიც შეიძლება დაავადების წინასწარი მაცნე იყოს, ნათქვამია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
როგორც კვლევიდან ირკვევა, საუბარია ყურის ბიბილოზე არსებულ დიაგონალურ ნაკეცებზე, რაც ფრენკის ნიშნის სახელითაცაა ცნობილი.
​ბრიტანელმა სწავლულებმა 558 ადამიანზე (402 მამაკაცი და 156 ქალი) ჩაატარეს კვლევა, რომელთა ასაკი 36-დან 91 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანს კორონარული ანგიოგრაფია ჰქონდა ჩატარებული.
აღმოჩნდა, რომ ორმხრივი დიაგონალური ნაკეცები ყურის ბიბილოებზე ყველაზე ხშირად აღენიშნებოდათ მამაკაცებს, ხანდაზმულ ადამიანებსა და აგრეთვე მათ, ვისაც კორონარული არტერიის მძიმე ათეროსკლეროზი ჰქონდა.
კვლევის პროცესში გაირკვა, რომ გულის იშემიური დაავადების რისკი უფრო მაღალი იყო მათ შემთხვევაში, ვისაც ყურზე ფრენკის ცალმხრივი ან ორმხრივი ნიშანი ჰქონდა.

„კვლევამ აჩვენა, რომ ორმხრივი დიაგონალური ნაკეცები ყურის ბიბილოებზე არის გულის იშემიური დაავადების გამოვლენის მარტივი მეთოდი“, — აცხადებენ მეცნიერები.

თუმცა, მათი თქმით, ყურის ბიბილოსა და გულის იშემიურ დაავადებას შორის ამგვარი კავშირის ზუსტი მექანიზმი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის და შემდგომ კვლევას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0