ხუთი სახიფათო წვრილმანი ჩვევა: ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

© Pexels / Andrea Piacquadio
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თუ დაცემინებისას პირზე ხელს იფარებთ, გაღვიძებისთანავე წყალს სვამთ, მანქანით მგზავრობისას ძილი გჩვევიათ, უნდა იცოდეთ, რომ ყველა ამ წვრილმან ჩვევას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს სხეულს, წერს პორტალი Sina სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექსპერტებმა, ზემოხსენებულის გარდა, კიდევ რამდენიმე მავნე ჩვევა ჩამოთვალეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

არ აიფაროთ პირზე ხელი დაცემინებისას

როდესაც დაცემინებისას პირსა და ცხვირზე ხელებს იფარებთ, ვირუსები და ბაქტერიები კანზე ილექება და იქ სამ საათამდე რჩება. შედეგად, გარდა იმისა, რომ ვირუსი ადვილად მოხვდება თვალებში, თუ მათზე ხელებს მოისვამთ, ასევე მარტივად გადაედება სხვა ადამიანებსაც.
გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ცემინებისას პირსა და ცხვირს მთლიანად ხურავს, ზედა სასუნთქ გზებში ძლიერი წნევა წარმოიქმნება. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ყურის დაფის აპკზე და ზიანს აყენებს მას.
ამიტომ დაცემინებისას დაიცავით შემდეგი წესები:
დაცემინების ან ხველების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ქაღალდის ხელსახოცი, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გადააგდეთ ის.
თუ ხელსახოცის ამოსაღებას ვერ ასწრებთ, ჯობს მოხრილი მკლავი აიფაროთ, ან მტევანზე სახელო ჩამოიწიოთ და ისე მიიფაროთ ცხვირ-პირზე. ეს გაციების ვირუსს კანზე მოხვედრაში შეუშლის ხელს.
თუ მაინც შიშველი ხელის აფარება მოგიწიათ პირსა და ცხვირზე, მაშინვე აუცილებლად დაიბანეთ ხელები, რათა ვირუსი სხვა ნივთებზე არ გადაიტანოთ. მაგალითად, მობილურ ტელეფონზე, კარის სახელურზე და ა.შ.

არ იჩიჩქნოთ კბილები

ჭამის შემდეგ ბევრ ადამიანს სჩვევია კბილების გამოსუფთავება. უმეტესობა ამისთვის სპეციალურ ჩხირებს იყენებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამას ფრჩხილებით აკეთებს. თუმცა ერთიცა და მეორეც ბასრი საგნებია, რომლებიც ადვილად აზიანებს ღრძილებსა და კბილის მინანქარს.
გარდა ამისა, ფრჩხილებზე ბაქტერიების ზღვა ბუდობს და კბილების ჩიჩქნისას ისინი პირში ხვდება, რომელიც შესანიშნავი გარემოა ინფექციის გავრცელებისთვის.
კბილების გამოსუფთავების წესები
თუ ჭამის შემდეგ კბილებში რაიმე ჩაგრჩათ, მოიშორეთ ის სპეციალური ძაფით. ოღონდ ფრთხილად ამოძრავეთ კბილებს შორის, არ გამოიყენოთ ძალა.
კბილის ძაფი არ უნდა შეეხოს ღრძილს, რათა არ დააზიანოს იგი.

არ დალიოთ წყალი კბილების გახეხვამდე

ღამით ძილისას საკვების ნარჩენები და ბაქტერიები კბილებზე გროვდება, შემდეგ კი ნერწყვი კალციუმის მარილს უერთდება და კბილებზე ილექება. ამიტომ თუ გაღვიძებისთანავე წყალს დალევთ, ეს ყველაფერი ორგანიზმში მოხვდება.
დილით წყლის დალევის წესი
კბილების გახეხვის შემდეგ მოამზადეთ ერთი ჭიქა თბილი ადუღებული წყალი. ჩაიგუბეთ პირში და გადაყლაპეთ იგი მცირე ულუფებით.
არ დალიოთ ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრი წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეამცირებს საჭმლის მომნელებელი წვენების კონცენტრაციას, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გამოყოფს, და საუზმის სურვილს დაკარგავთ.

არ დაიძინოთ მანქანაში

როდესაც ადამიანს სძინავს, კისრის არის ირგვლივ კუნთები სრულიად მოდუნებულია. თუ თვლემისას ავტომობილი მოულოდნელად დაამუხრუჭებს ან ძლიერ შეირყევა (განსაკუთრებით სწრაფად მოძრაობისას), კისერი და თავი მკვეთრად შეინძრევა, რამაც შეიძლება კისრის მალების გადაადგილება გამოიწვიოს.
მანქანაში თვლემის წესი
თუ შორ გზაზე მიდიხართ, აუცილებლად იქონიეთ თან U-ს ფორმის ბალიში, რომელიც კისერზე კეთდება. ასეთი ბალიში ბუფერის როლს შეასრულებს მკვეთრი დამუხრუჭებისას.

არ დაიჭრათ ფრჩხილები ძირში

თუ ფრჩხილის ძირთან არსებული ნაზი კანი მოშიშვლდება, რბილი ქსოვილები იოლად დაზიანდება რეცხვისას თუ სხვა საქმიანობისას. შედეგად, ბაქტერიები ადვილად მოხვდება კანქვეშა არეში და სწრაფად გამრავლდება. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ფრჩხილის ღარის ანთება გამოიწვიოს.
ფრჩხილების დაჭრის წესები
ხელის ფრჩხილები კვირაში საშუალოდ დაახლოებით 0,7 მილიმეტრით იზრდება და ამ პერიოდში მათი ორჯერ მოჭრაა რეკომენდებული. ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, შესაბამისად, მათი დაჭრა თვეში ერთხელ ან ორჯერაა საჭირო.
თავდაპირველად მოიჭერით ფრჩხილის ცენტრალური ნაწილი, შემდეგ კი გვერდები და ბოლოები მოუსწორეთ, რათა მოჭრის სიგრძე გააკონტროლოთ.
ფრჩხილის კიდე თითის წვერთან უნდა იყოს გათანაბრებული, ანუ დაახლოებით ერთი მილიმეტრით უნდა სცდებოდეს მას.
ფრჩხილის გარშემო აქერცლილი კანის ძალით მოძრობა დაუშვებელია — მოიჭერით მაკრატლით ან მკვნეტარით, რათა რბილი ქსოვილები არ დაიზიანოთ.
ყველა ახალი ამბავი
0