ხორნაბუჯს შელეწილი ყიზილბაშები და თამაზ ქიზიყელის ბრძოლა უკანასკნელი

© Pixabay / molochszczecinКольчуга, топор и мечи
Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
უკანასკნელად შეუყივლა მჭახედ თავის საომარ ჰუნეს თამაზ ანდრონიკაშვილმა, უკანასკნელად შემართა ჭარბად სისხლნასვამი ხმალი და ფრიალო კლდიდან გადაეშვა ცხენიანად...
ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე ოდითგანვე აუღებელ ციხედ მიიჩნეოდა. მისი დაპყრობის სურვილი არაერთ დიდ დამპყრობელს გასჩენია, თუმცა საფლავში წაუღიათ ეს სურვილი.
სპარსი მემატიანე ისკანდერ მუნში ხორნაბუჯის სიმაგრეზე წერდა:
„დიდებული ციხე მიუვალი მთის წვერზე დგას. მისი სიმაღლე ისეთია, რომ ზღურბლიდან იმ ადგილამდე, სადაც მცველები დგანან, 560 საფეხური უნდა აიაროს კაცმა. ციხეს წვიმის წყლის ასავსები ამბრის გარდა, ერთი წყაროც რომ ჰქონოდა, ვერცერთი დიდი ხელმწიფე ვერ დაიპყრობდა“.
მაგრამ ირანის ლომს — შაჰ აბასს აშკარად იღბალი სწყალობდა. რომ არა გამართლება, ალბათ ისიც ვერ შეძლებდა ციხის აღებას.
1617 წლის მაისში შაჰ აბასმა მეოთხედ დალაშქრა საქართველო და ხორნაბუჯს მიადგა. ალაჰის ჩრდილმა იქაურებს სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა, თუ უბრძოლველად დაემორჩილებოდნენ. მაგრამ სასაცილოდ არ ეყოთ ციხის დამცველებს შაჰის პირობა — რაღა თქმა უნდა, უარი შეუთვალეს სპარსეთის მბრძანებელს.
მაშინ აბასმა იერიში მიიტანა ციხე-სიმაგრეზე, მაგრამ ქიზიყელებმა, თამაზ და შერმაზან ანდრონიკაშვილების სარდლობით, ადვილად მოიგერიეს მტერი. ვერ გატეხა მომხდურმა ხორნაბუჯელთა წინააღმდეგობა და ყიზილბაშები ალყად დადგნენ.
დღე დღეს მისდევდა, მტერი ციხეს უტევდა, ის კი კვლავაც ამაყად იდგა. მაშინ ცბიერმა შაჰმა ხერხს მიმართა: დარბეულ და სახლებიდან ლტოლვილ ქართველ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს განგებ უშვებდა სიმაგრეში. თამაზ ქიზიყელს დამცველები აკლდებოდა, დასაცავი კი ემატებოდა. მალე ფსკერამდე დავიდა წყლის აუზები, გამოცარიელდა საწყობები.
მერმე ყიზილბაშთა ერთ-ერთმა სარდალმა ზამან ბეგმა ქიზიყი მოარბია, ხორნაბუჯთან ორასამდე უმწეო ტყვე ქალ-ბავშვი მირეკა და მთავარ ჭიშკართან დატოვა „უმეთვალყურეოდ“.
ტყვეები ტირილითა და ვაივიშით ითხოვდნენ ციხეში შეშვებასა და შველას. უარზე იყო შერმაზან სარდალი, თუ შემოვუშვებთ, ვერც მათ დავიცავთ და უკანასკნელ მარაგსაც ამოვწურავთო. მაგრამ მამასახლისები აუმხედრდნენ თამაზ ქიზიყელს: მაშინ სჯობს ჯერ საკუთარი ხელით ამოწყვიტოთ ეგ ქალ-ბავშვები, მერე კი მტერს შევაკვდეთო ჩვენც.
ამ ბჭობა-დავაში საიდანღაც ხორნაბუჯში ჩარჩენილი იტალიელი პატრი გამოჩნდა და ქართველ სარდლებს ვიკინგების ისტორია უამბო: ვიკინგების გემი იძირებოდა თურმე. ნავებზე კი ეკიპაჟის ნახევარი ეტეოდა მხოლოდ, მაშინ კაპიტანს წილისყრა შეუთავაზებია თანამებრძოლებისთვის — კენჭი ვყაროთ, ვისაც სიცოცხლე შეხვდება, ნავებზე გადაჯდეს, ვისაც სიკვდილი — გემზე დარჩეს, ყველას დაღუპვას ერთი ნაწილის გაწირვა სჯობსო. ასეც მოქცეულან ვიკინგები. და „სიკვდილმისჯილებს“ რაინდული შეძახილებით გაუცილებიათ დანარჩენები...
ურთულესი გამოდგა არჩევანი თამაზ ქიზიყელისთვის, ქრისტიან კაცს მეტად უჭირდა თვისტომთა გაწირვა. სარდალს მძიმე ტვირთი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მაქსიმემ მოხსნა, ციხის დამცველებს ასე მიმართა მეუფემ: შემოუშვით, ღმერთი არ გაგვწირავს, წვიმას მოგვივლენს, გაივსებაო ამბარნი წყლისა.
და მეციხოვნეებმაც შეხსნეს ბჭეს მძიმე ურდული, სიხარულის შეძახილი აღმოხდათ ციხის კართან მყოფ ქალებსა და ბავშვებს.
ნაადრევი აღმოჩნდა ეს სიხარული, „მზის ქალაქში“ საშინელმა გვალვამ დაისადგურა, დასკდა მიწა და ალმური ასდიოდა კირქვიან კედლებს. დაუჩოქა ეპისკოპოსმა ღმერთს, წვიმა მოგვივლინეო და... მოვიდა კოკისპირული წვიმა ალაზნის ჭალებზე, მაგრამ თავად ხორნაბუჯში კი ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა.
ყიზილბაშებს კასრებით მიჰქონდათ წყალი ალაზნიდან, ერთმანეთს აწუწებდნენ, საჯაროდ ღვრიდნენ და აღიზიანებდნენ მწყურვალ ხორნაბუჯელებს. აუტანელი გახდა ციხის ტყვედ ქცეულთა ყოფა, სიცხით გათანგულ მეომრებს წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდათ. არც წვიმა მოვიდა და არც დასავლეთ საქართველოში გაქცეულ კახთ მეფე თეიმურაზს ეცალა ხორნაბუჯელთათვის. ამიტომ ვერც გარედან მიიღეს დახმარება ციხის დამცველებმა.
თუმც არც შაჰ აბასი იყო უკეთეს დღეში. ხორნაბუჯელთა გაუტეხლობა და ციხის აუღებლობა ფრიად და ფრიად ჩრდილავდა მის სახელს. ამიტომაც წავიდა დათმობაზე „ალაჰის ჩრდილი“, ალყის 21-ე დღეს ხორნაბუჯელებთან ქართლის ვალი, ტომით ქართველი ბაგრატ-ხანი გაგზავნა დასაზავებლად და ფირმანი გაატანა: ვისაც ქართლში გასვლა გსურთ, ხელს არ შეგიშლით. შერმაზანს ეპატია დანაშული, თამაზ ქიზიყელთან კი, მესისხლესთან სეფიანთა ტახტისა, ხმალმა უნდა გაგვასწოროსო.
არც იყო გასაკვირი. თამაზ ქიზიყელი 1614-1617 წლებში მცირე რაზმებით ესხმოდა ხოლმე თავს დამპყრობლებს, სისხლს უშრობდა სპარსელებსა და მათ მბრძანებელს თავის დაუდეგარ და მამაც მებრძოლებთან ერთად. საკმარისი იყო, „ირანის ლომს“ ფეხი გაედგა კახეთიდან, რომ ქიზიყის მოურავი დატოვებულ ყიზილბაშებს შეესეოდა და მუსრს ავლებდა. გულბოროტი იყო შაჰი, ასეთ წყენას ვერ დაივიწყებდა.
არჩევანი არ დაუტოვეს თამაზ ქიზიყელს: ან თავი უნდა გაეწირა, რათა სხვები გადარჩენილიყვნენ, ან არადა წინააღმდეგობა გაეგრძელებინა და ყველა ერთად დახოცილიყვნენ.
ხორნაბუჯელები ბრძოლის გაგრძელებას ითხოვდნენ სარდლისგან, მაგრამ ქიზიყის მოურავი კარგად ხედავდა, რომ ციხე მალე დაეცემოდა და ასობით ქართველის გაწირვას შაჰის შეთავაზებაზე დათანხმება არჩია.
დროშა ჩამოხსნა მაღალი გოდოლიდან ქიზიყის მოურავმა, ციხე ბაგრატ-ხანს გადააბარა და მასვე მიანდო ხორნაბუჯელთა სამშვიდობოს გაყვანა. თავად ცხენს მოახტა და გალავნის გარეთ გაიჭრა გრიგალივით. ყიზილბაშები მის შეპყრობას შეეცადნენ, მაგრამ ხმლით ჩაკაფა გალავნის კრიბჭესთან მათი რიგები მამაცმა ქიზიყელმა, ცამეტი მომხდური გახდა მისი მახვილის ლუკმა.
მერე კი უკანასკნელად შეუყივლა მჭახედ თავის საომარ ჰუნეს თამაზ ანდრონიკაშვილმა, უკანასკნელად შემართა ჭარბად სისხლნასვამი ხმალი და ფრიალო კლდიდან გადაეშვა ცხენიანად...
და უცბად ცამ პირი გახსნა, კოკისპირულად გაწვიმდა ხორნაბუჯში — მირიადი წვეთი წვიმით დაიტირა ზენაარმა იღბალთან და ბედისწერასთან მებრძოლი გმირი.
ყველა ახალი ამბავი
0