როდის განაახლებს მუშაობას საქართველოს პარლამენტი?

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს მოუწევთ ომბუდსმენის არჩევა და ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 7 თებერვალს საგაზაფხულო სესიას გახსნის და მუშაობას განაახლებს.
საქართველოს პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია ძალზე დატვირთული იქნება. დეპუტატებს რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მათ შორის, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს უკვე ჩავარდა, პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ასევე ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც გასულ წელს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ვენეციის კომისიაში რეკომენდაციებისთვის გაგზავნა.
ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის განხილვის საგანი გახდება სახელმწიფო უწყებების ანგარიშები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე სახალხო დამცველის.
საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ ინტერპელაციის ფორმატის გამოყენების, ასევე მინისტრის საათის ფორმატში მთავრობის წარმომადგენელთა მოსმენისა და მათი საქმიანობის შეფასების საშუალება.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვით მიმართვის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0