მოსაზრება: ნატოს მხრიდან კიევის დახმარება ახალ საფეხურზე გადავიდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ანდრეი კოცი
წლის დასაწყისში ნატომ მკვეთრად გაზარდა ფსონი რუსეთთან დაპირისპირებაში – ალიანსის რამდენიმე ქვეყანა კიევს მძიმე ჯავშანტექნიკას დაჰპირდა. ჯერ საუბარია ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსა და ბორბლიან ტანკებზე. მაგრამ ზოგი უფრო სერიოზული ტექნიკის გადაცემას ფიქრობს.

„უდაბნოს ქარიშხლის“ ვეტერანი

თეთრმა სახლმა უკრაინას მორიგი, ყველაზე მსხვილი ტრანში – 3,75 მილიარდი დოლარი გამოუყო. კიევი მიიღებს 100 ერთეულ მუხლუხიან ჯავშანტრანსპორტიორ M113-ს, მაღალი გამავლობის 200-მდე ბორბლიან ავტომობილს, 105 მმ კალიბრის 36 ჰაუბიცას, სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას.
სიაშია 50 ერთეული M2 Bradley თავისი საბრძოლო კომპლექტებით. ამ დონის დასავლური ჯავშანტექნიკა კონფლიქტის ზონაში ჯერ არ გამოჩენილა.
M2 Bradley აშშ-ის სახმელეთო ჯარს შეიარაღებაში 1981 წლიდან აქვს და დღემდე ამერიკული არმიის მთავარ სამუშაო ძალას წარმოადგენს. გამოიყენებოდა მრავალ კამპანიაში. არის საკმაოდ საიმედო, დაცული, გამძლე ტექნიკა. ბორტზე ეტევა ექვსი მედესანტე, აქვს 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი, ტყვიამფრქვევი, ასევე ჩაშენებული ტანკსაწინააღმდეგო მართული რაკეტა TOW, რომლის წყალობითაც M2-მა ჯავშანტექნიკის გამანადგურებლის რეპუტაცია მოიპოვა. „უდაბნოში ქარიშხლის“ დროს Bradley-მ მეტი ირანული ტანკი დაწვა, ვიდრე „აბრამსმა“.
ცნობილია, რომ უკრაინელებს გამოუყოფენ M2A2 ODS მოდიფიკაციის 50 ერთეულ ქვეითთა ჯავშანმანქანას. მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტია საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემა FBCB2 (Force XXI Battle Command Brigade and Below), რომელიც უზრუნველყოფს დაზვერვის ინფორმაციის გაცვლას თანამგზავრებთან და ყველა საბრძოლო ერთეულთან. FBCB2 კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებს მეგობრული და მტრული ძალების განლაგებას ადგილის რელიეფთან ერთად.
ამერიკელები ნათლად დაინახავენ, როგორ უპირისპირდება მათი იარაღი რუსულ იარაღს. თუ გამოცდილებას წარმატებულად ჩათვლიან, აშშ მკვეთრად გაზრდის მიწოდებას ისე, რომ არც საკუთარ თავდაცვას დააზარალებს.

ბერლინიდან და პარიზიდან

იარაღის ახალი პარტიების გამოყოფაზე გერმანიამაც განაცხადა. ბერლინი აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პირველ კვარტალში 40 ერთეული Marder-ის გადაცემას. ამ გადაწყვეტილებას ბუნდესტაგში ძლიერი კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა ჰენინგ ოტემ განაცხადა, რომ ახლა „ბუნდესვერს მოუწევს თავისი საცავების გამოცარიელება, ტექნიკა კი ისედაც ცუდ მდგომარეობაშია“.
Marder შეიარაღებაში 1970 წლიდანაა, მაგრამ ბრძოლაში მანქანა მხოლოდ 2009-2011 წლებში ავღანეთში გამოსცადეს. ბუნდესვერის ჯარისკაცები მას აფასებენ კარგი დაცულობის, 20 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის მაღალი საცეცხლე ძალისა და ჩაშენებული ტანკსაწინააღმდეგო მართული რაკეტის Milan-ის გამო.
რომელ ვარიანტს გაგზავნიან უკრაინაში, არ დაუზუსტებიათ. შედარებით თანამედროვე Marder A5 და Marder A5A1 გერმანულ არმიას 100-ზე ოდნავ მეტი ერთეული აქვს. A3 და A4 ვერსიებს კი 30 წელიწადზე მეტი უსრულდებათ.
ფრანგებს, თავის მხრივ, სურთ უკრაინისთვის მსუბუქი ბორბლიანი ტანკების AMX-10RC-ის გადაცემა. ეს ჯავშანმანქანები 205 მმ-იანი საბრძოლო იარაღით შეიარაღებაში 1981 წლიდანაა, გამოცდილია არაერთ ცხელ წერტილში. ქვემეხის სიმძლავრე საკმარისია არა მხოლოდ მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან, არამედ უფრო დაცულ მიზნებთან საბრძოლველად. შეუძლია ბრძოლის ველზე პოზიციების სწრაფად შეცვლა.

მაღალტექნოლოგიური ვარიანტები

ნატოში მზად არიან კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გააფართოვონ გადასაცემი იარაღის ნომენკლატურა. ახალი ნიმუშები უკრაინაში შესაძლოა წლის მეორე ნახევარში ჩაიტანონ, ამბობს ექსპერტი იგორ კოროტჩენკო.
„ტექნიკის მიწოდება კადრების მომზადების სინქრონულად მიმდინარეობს, – განმარტავს იგი. – სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება გამოიწვევს იმას, რომ დასავლეთი მოიფიქრებს სხვა ვარიანტებსაც რთული მაღალტექნოლოგიური სისტემებით. იარაღის ნაკადი არ ამოიწურება. გარდა ამისა, სრული სიმძლავრით ამუშავდება ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები – ნატოს ქვეყნების დანაკარგების ასანაზღაურებლად“.
გაზეთი The Wall Street Journal წერს, რომ პოლონეთი მზადაა უკრაინას გაუგზავნოს გერმანული წარმოების Leopard 2. ამჟამად ვარშავა გამალებით ანაცვლებს გერმანული მანქანების პარკს ამერიკული და სამხრეთ კორეული ტექნიკით.
ფინეთის ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ არ გაწევრიანებულა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, უკვე განაცხადა, რომ თუ სხვა ქვეყნები კიევს ტექნიკას გაუგზავნიან, გვერდზე არც ისინი გადგებიან და უკრაინას არანაკლებ 30 ერთეულ Leopard 2-ს გადასცემენ.
ორშაბათს ტელეარხმა Sky News-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ფიქრობს უკრაინაში Challenger 2 ტანკების გადასროლას. ვაშინგტონში „აბრამსებზე“ ჯერ არაფერს ამბობენ.
დასავლეთის მხრიდან მძიმე ჯავშანტექნიკის გადაცემას შეუძლია საგრძნობლად გაურთულოს რუსულ ჯარს საბრძოლო ამოცანების გადაჭრა. თუ ადრე სატანკო ტექნოლოგიებში უპირატესობა მოსკოვის მხარეს იყო, ნატოს მანქანები პარიტეტს მოაახლოებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0