წუთები, რომლის გამოც ღირს ექიმის პროფესიის არჩევა

© courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
ამ საახალწლო დღეებში კეთილი ამბებიც გავიხსენოთ.
ტაო-კლარჯეთში მცხოვრები, ქართული წარმოშობის ექიმი ალი ილმაზი მათ შორისაა, ვისთვისაც სიკეთე ცხოვრების წესია. მას შემდეგ რაც ექიმი გახდა, თურქეთში ჩასული ქართველი ემიგრანტებისთვის დახმარების ხელი უანგაროდ არა ერთზგის გაუწოდებია. სამედიცინო განათლება საქართველოში მიიღო. დღეს თურქეთში ცხოვრობს, თუმცა მის პაციენტებს შორის ბევრი ქართველია. ბოლო წლებში ქალაქ რიზეს მეშვიდე პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს.
— ბატონო ალი, უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ?
— დიახ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. იმ უნივერსიტეტმა, გარემომ, ლექტორებმა და კურსელებმა ჩემში დიდი კვალი დატოვეს. ყველაფერი კარგად მახსენდება და იმ დროის ამბები ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებია.
—გავიგე, რომ საქართველოდან ჩასულებს ძალიან ეიმედებით...
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზი
ალი ილმაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
ალი ილმაზი
— ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარებაა და მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ განათლებასა და განვითარებაში მამაჩემმა და ცნობილმა მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ დიდი წვლილი შეიტანეს. მე ვიცნობდი ბატონ გურამს, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ორი ქვეყნის -საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის საყრდენი ხიდი იქნებიო. სულ მახსოვს ეს სიტყვები და ვცდილობ, რომ გავამართლო.
— მინდა ისაუბროთ იმ ისტორიულ ადგილზე, სადაც ბავშვობა გაატარეთ, რა გახსენდებათ?
— მე დავიბადე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინის რაიონში, შავშეთის ოლქში, სოფელ ხევწვრილში (Çağlıyan köyü). აქ გატარებული ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ტრაპიზონში გადავედით საცხოვრებლად. ჩემში ბავშვობის ყველაზე დიდ ასოციაციას ბებიის ნამღერი ქართული სიმღერები იწვევს. ის წარმოშობით მაჭახელიდან იყო. მისი სიმღერები მილამაზებდა ბავშვობის დღეებს და ისინი ახლაც მახსოვს. დღეს მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად ჩავდივარ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ ამ ულამაზეს და ისტორიულ მხარეში დავიბადე.
— ქართულად თუ საუბრობენ იქ?
— ჩემი სახლი ისტორიულია და ის 200 წელზე მეტია, რაც დგას. იმ ადგილზე, სადაც დავიბადე, ყველა ქართულად საუბრობს. პატარებმა ბავშობიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ თურქეთში მაცხოვრებელი ძირძველი ქართველები ვართ.
© photo: courtesy of Ali Yılmazალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი
ალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
ალი ილმაზის 200 წლიანი საგვარეულო სახლი
დღეს ბევრი ქართველი პაციენტი გყავთ?
— ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი პაციენტი შემხვდა. მათ შეძლებისდაგვარად და უანგაროდ ვეხმარები. ამ თემაზე საქართველოსა და თურქეთში შესაბამის სამსახურებთანაც მაქვს კონტაქტი. ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ჩამოსულმა ქართველებმა კარგად იციან ჩემ შესახებ და, რაც მთავარია, ვეიმედები მათ. განსხვავებული პაციენტები არიან. როცა ფატალური შემთხვევაა, ასეთ დროს თურქეთში ვუკავშირდები შესაბამის სამსახურებს, რათა გარდაცვლილ პაციენტებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ სარფამდე გადმოსვენებაშიც უანგაროდ ვეხმარები.
— ცხოვრებაში მთავარი არჩავანი როგორ გააკეთეთ?
— ჩემი მეუღლე ქართველია. მანამდე, მომავალი მეუღლის ეროვნებაზე წინასწარ არასდროს მიფიქრია, გადამწყვეტი ფაქტორი სიყვარული გახდა. მომავალი მეუღლე მაშინ გავიცანი, როცა მამამ სასწავლებლად თბილისში ჩამომიყვანა. დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს და ორი შვილი გვყავს. ყველაზე მეტად მიყვარს ოჯახში ყოფნა, ასევე მეგობრებთან შეხვედრაც. მიყვარს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე გავლა. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0