საოცარი ისტორიები: როგორ შეიქმნა პოპულარული საშობაო სიმღერები

© Courtesy of Tamar Khonelidzeსაახალწლო მორთულობა
საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
გაეცანით პოპულარული საშობაო მელოდიების შექმნის საინტერესო ისტორიებს, რაც აქამდე ალბათ არ იცოდით.
შობა–ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც საკუთარი საუნდტრეკები აქვს. ტელევიზიაში, რადიოში, ქუჩებში, მაღაზიებში, წვეულებებზე — ყველგან საშობაო საგალობლები და სადღესასწაულო ჰანგები ისმის.
ეს მისტიკური მელოდიები, წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ვუსმენთ, მუდამ ბედნიერებისა და იმედის განცდით გვავსებს. მით უმეტეს, რომ ბევრი ძალიან ცნობილი საშობაო სიმღერის უკან საოცარი ისტორია იმალება.
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ პოპულარულ საშობაო მელოდიებს და მათი შექმნის საინტერესო ისტორიებს, რაც აქამდე ალბათ არც იცოდით.
Jingle Bells
შეუძლებელია, რომ ჩვენი საშობაო სიმღერების ჩამონათვალი სხვა მელოდიით დაგვეწყო. სიმღერა, რომელიც ყველასთვის ახალ წელთან და შობასთან ასოცირდება, თავდაპირველად მადლიერების დღისთვის შეიქმნა.
Jingle Bells საჯაროდ პირველად ეკლესიაში მადლიერების დღის მსახურებაზე შესრულდა 1857 წელს. სიმღერა იმდენად მოეწონათ, რომ ერთი თვის შემდეგ შობაზეც შეასრულეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოსთვის ის საშობაო ჰიმნად იქცა. სიმღერის ავტორად ამერიკელი ჯეიმზ ლორდ პიერპონტი მიიჩნევა.
თუმცა ეს ერთადერთი საინტერესო ინფორმაცია არ არის ამ კლასიკად ქცეული მელოდიის შესახებ. როდესაც ამბობენ, Jingle Bells მხოლოდ ამ სამყაროს არ ეკუთვნისო, არ ხუმრობენ: ეს მელოდია გინესის რეკორდების წიგნშია შესული – როგორც კოსმოსში შესრულებული პირველი სიმღერა.
White Christmas
Jingle Bells არ არის გინესის ერთადერთი რეკორდსმენი სიმღერა ჩვენს სიაში. ბინგ კროსბის მიერ შესრულებული „თეთრი შობის ღამეც“ მსოფლიო რეკორდსმენია – როგორც ყველა დროის ყველაზე მეტი რაოდენობით გაყიდული სინგლი. სიმღერის დებიუტი 1942 წელს შედგა ფილმში Holiday Inn. ამ მელოდიას ყველა ამერიკელის ოჯახში დღემდე ზამთრის ულამაზესი დღესასწაულის განწყობა და სიხარული შეაქვს.
„თეთრი შობის ღამე“ მისი კომპოზიტორის ირვინგ ბერლინის ტრაგედიას ეხება: მას შობის დღეს შვილი გარდაეცვალა. მიუხედავად საოცრად სევდიანი და ნოსტალგიური მელოდიისა, ამ სიმღერის გარეშე ამერიკაში არცერთი საშობაო დღესასწაული არ ჩაივლის.
ამ საშობაო მელოდიას კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აქვს: ის ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამის ომის დროს საიგონის ევაკუაციისას საიდუმლო სიგნალად გამოიყენეს.
All I Want for Christmas is You
სანამ All I Want for Christmas is You უდიდესი ჰიტი გახდებოდა, მერაია კერი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო საშობაო ალბომის ჩასაწერად, მაგრამ მისმა მენეჯერმა ქმარმა ტომი მოტოლამ მისი დარწმუნება მოახერხა.
მათ სტუდია საშობაო დეკორაციებით აგვისტოში მორთეს და ეს საოცარი მელოდიაც სულ რაღაც 15 წუთში ჩაიწერა.
Let it snow
სიმღერა, რომელიც ჩვენთვის შობასა და ახალ წელთან ასოცირდება, პაპანაქება სიცხეში, 1945 წლის ივლისში დაიწერა. მისი ავტორები ამ მელოდიით უფრო გრილ ამინდს ნატრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები დღესასწაულზე, Let it snow მაინც საშობაო სიმღერად განიხილება.
Last Christmas
Last Christmas ჯორჯ მაიკლმა დაწერა, იყო მისი პროდიუსერი და თითოეულ ინსტრუმენტზეც თვითონ უკრავდა. ჯორჯს არ სურდა, რომ ვინმე დახმარებოდა.
სინამდვილეში სიმღერას ძალიან ცოტა აქვს საერთო შობასთან. ის ძირითადად წარუმატებელ ურთიერთობებს და ერთი წლის შემდეგ მათთან პირისპირ დადგომას ეხება. მხოლოდ ერთადერთ ფრაზაში – Last Christmas ისმის შობა.

ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0