„დვიჟოკების“ კონცერტები და ცნობლი მომღერლის სცენური ნიღბები პლასტილინისგან

© courtesy of Avto Tsiklauriავთო წიკლაური
ავთო წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
ავთო წიკლაური – ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი, გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი ხმის მქონე არტისტი, რომელიც წლების განმავლობაში ანსამბლ „ბერიკონის“ სოლისტი იყო.
თავიდან, როგორც მომღერალი და გიტარისტი, თამარ გვერდწითელთან ერთად გამოდიოდა. შემდეგ იყო ანსამბლები „დიელო“ და „ბერიკონი“.
ახალი წლის დღეებში მასთან ერთად გავიხსენოთ ძველი ამბები და გავიცნოთ მომღერლის სერიოზული გატაცება. ბატონ ავთოს სიმღერის გარდა ხატვის ნიჭი აქვს და საოცარ ქანდაკებებს აკეთებს.
— ბატონო ავთო, მოდით, ჯერ ძველი დრო გავიხსენოთ, როდის გრძნობდით ყველაზე მეტად მაყურებლის სიყვარულს?
— ბევრი ასეთი კონცერტი მახსენდება. მაყურებლის ძალიან დიდ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით. გავიხსენებ ერთ კონცერტს, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. მაშინ ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ჩვენი ნიჭიერი მეგობარი ობოლა ციმაკურიძე. როცა ჩვენთან ერთად ობოლა გამოდიოდა, იმ კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგი იყო.
© Photo: Courtesy of Avto Tsiklauriავთო წიკლაური
ავთო წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ავთო წიკლაური
— არადა, ეს ის დროა, როცა ქვეყანაში შუქი გრაფიკით მოგვეწოდებოდა...
— დიახ, იმ დროს შუქი მთელ ქვეყანაში არ იყო და ე.წ. „დვიჟოკების“ კონცერტებს ვატარებდით, ანუ გენერატორებზე ვმუშაობდით. ვფიქრობდით, რომ სწორედ მაშინ სჭირდებოდა ხალხს ხელოვნება და იუმორი. იმ დროს ჩემი სავიზიტო სიმღერა იყო „ბერიკონი“, რომელიც, ვიცი, რომ იმ თაობიდან დღესაც ყველას ახსოვს. ჩვენ ცნობილი მომღერლების იმიტაციაც კარგად შეგვეძლო.
— ბევრმა არ იცის, რომ თქვენ პლასტილინისგან საოცარ ნიღბებს ამზადებდით. როდის დაიწყეთ მათი დამზადება?
— მაშინ, როცა საფუძველი ეყრებოდა ანსამბლ „ბერიკონს“, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი თემურ მაისაშვილი იყო. იმ ნიღბების დამზადებაც აქტიურად სწორედ მაშინ დავიწყე. ასეთი ნიღბები მაშინ ძალიან ძვირი დამიფასეს, ამიტომ თვითონ გადავწყვიტე. ძერწვაც სწორედ იმ პერიოდში დავიწყე. ნიღბებს პლასტილინით ვაკეთებდი, ზემოდან ქაღალდს და შემდეგ ქსოვილს ვაკრავდი, ბოლოს წებოს ვუსვამდი. ეს იყო ხელოვნური მუყაო, მაგრამ ნახევრად რეზინითაც კეთდებოდა. ასეთი შერეული ტექნიკა იყო.
— როდის გაჩნდა იდეა, რომ ანსამბლ „ივერიის“ მომღერლების ნიღბები დაგემზადებინათ?
— ვფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ ათწუთიანი ნიღბიანი სპექტაკლი გაკეთდებოდა. მახსოვს, როგორ ვიწვალე, მაგრამ მაინც გამომივიდა თემურ წიკლაურის, ნუგზარ კვაშალისა და ვახტანგ ტატიშვილის ნიღბები, რომლებიც საინტერესო იყო. გვქონდა ასეთი სპექტაკლი „სტუმრად არის „ივერია“. არსებობს ვიდეო, სადაც ჩვენ რესტორან „ბერიკონიდან“ გამოვდივართ და თან ვასრულებთ ცნობილ სიმღერას „ქეიფს ვიწყებ დილიდან“. იქ გვიკეთია ეს ნიღბები.
© Photo: Courtesy of Avto Tsiklauriავთო წიკლაურის „ივერია“
ავთო წიკლაურის ნამუშევრები - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ავთო წიკლაურის „ივერია“
— ხატვის სიყვარული სცენამდე გაჩნდა?
— ხატვით ბავშვობიდან ვხატავ. როცა გასტროლებზე დავდიოდით, მაშინ ანსამბლ „დიელოში“ ვიყავი, სახატავი მასალები ყოველთვის დამქონდა. თან ვხატავდი, თან სცენაზე გავდიოდი. სამხატვრო აკადემიაშიც ვაბარებდი, მაგრამ ხან ნახევარი, ხან ერთი ქულა მაკლდებოდა, იმიტომ რომ ძირითადად კონცერტებსა და გასტროლებს ვიყავი გადაყოლილი. ორივე საქმე ერთად კი არ ესწრებოდა. თუმცა შრომა ყოველთვის მიყვარდა.
— ქანდაკებებსაც აკეთებთ...
— ქანდაკებებსაც ჯერ კიდევ მაშინ ვაკეთებდი, როცა სცენაზე ვმღეროდი. ქანდაკებების გარდა ასევე მაქვს ხეში გაკეთებული მოზაიკა, რაც ბავშვობიდან მიყვარს. ფერწერული ნახატები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავაჩუქე. სახლში ბევრი ქანდაკება მაქვს, მათ შორის თავისუფლების ქანდაკება, რომლის სიგრძეც სამ მეტრამდეა.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0