თბილისში მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week მაისში გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსოფო ჭყონია
სოფო ჭყონია - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გასული ორი სეზონის განმავლობაში მოდის კვირეული კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. თბილისის მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week 2023 წლის მაისში გაიმართება „კოკა-კოლის“ ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა, განაცხადა პროექტის დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.
Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და ა.შ.

„საკუთარ თავს ვებრძოდი, გამეგრძელებინა თუ არა ეს პროექტი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ის, რასაც ამდენი წლის მანძილზე მე და ჩემი არაჩვეულებრივი გუნდი ვქმნიდით, ნელ-ნელა ქრებოდა იმ კუთხით, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, ასე უცებ თავის დანებება გადავიფიქრე და წელს უფრო მასშტაბურის გაკეთება გადავწყვიტე“, – განაცხადა სოფო ჭყონიამ მედიაპლატფორმა BMG-ზე.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ მოდას დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომაც მნიშვნელოვანია დამწყები დიზაინერების ხელშეწყობა.
„გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის მიმართულება გავაძლიეროთ, მათ ხელი შევუწყოთ, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო განათლება მიიღონ და შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ჭყონიამ.
Mercedes Benz Fashion Week თბილისში 2012 წლიდან იმართება. ტრადიციულად, მოდის კვირეულს ეწვევა ათეულობით უცხოელი სტუმარი. მათ შორის იქნებიან მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გასული ორი სეზონის Mercedes Benz Fashion Week Tbilisi კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ჩვენებები გაიმართა პლატფორმაზე MBFWTBILISI.ONLINE და მაყურებელს მისი პირდაპირ ეთერში თვალის დევნების საშუალება ჰქონდა.
სოფო ჭყონია საქართველოში დაიბადა. სანამ პარიზში გადავიდოდა, სწავლობდა გერმანიაში, აშშ-ში და საფრანგეთში. მას კინოინდუსტრიაში გამოცდილება დაუგროვდა და თავდაპირველად რეჟისორობა სურდა. მან ინტერვიუების სერიაც კი წამოიწყო, სადაც მონაწილეობდნენ ისეთი სტუმრები, როგორიცაა Yves Saint Laurent-ის მოდის სახლის ერთ-ერთი დამაარსებელი პიერ ბერჟე და ამერიკელი დიზაინერი რიკ ოუენსი. შემდეგ ჭყონიამ დააარსა დიზაინერების კონკურსი Be Next, რომელმაც აღმოაჩინა ისეთი ნიჭიერი ქართველი დიზაინერები, როგორიცაა გიორგი ქებურია და ლადო ბოკუჩავა.
ყველა ახალი ამბავი
0