სისხლიანი გარჩევა სვანეთის მთებში: სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

© courts of Georgiaზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
მოკლულები და ბრალდებულები მეზობლები იყვნენ, ხოლო კონფლიქტი მათ შორის წლების წინ დაიწყო.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და წარსულში ნასამართლევ პენსიონერს პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
1 იანვარს მომხდარი კონფლიქტის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 34 და 30 წლის ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 წლის ახალგაზრდა დაიჭრა. ორივე ბრალდებულის, 26 წლის გიორგი ცინდელიანისა და 71 წლის როლანდ აფრასიძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
აფრასიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს, ცინდელიანის ადვოკატი კი გასაჩივრების გადაწყვეტილებას გამოძიების მსვლელობისას მიიღებს, იუწყება ტელეარხი.
გამოძიების ინფორმაციით, ცინდელიანსა და მის თანამშრომელს ხანგრძლივი კონფლიქტის გამო ფიზიკური დაპირისპირება აფსარიძესთან და კიდევ ერთ ახალგაზრდასთან მოუხდათ, რა დროსაც ცინდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი (გ.ა.) დაიღუპა.
ამავე დროს, წარსულში ნასამართლევმა პენსიონერმა როლანდ აფრასიძემ ასევე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა გ.პ., ხოლო რ.პ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.
პოლიციამ ბრალდებულები „ცხელ კვალზე“ 2 იანვარს, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო პენსიონერს – 108-ე და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიის მონაცემებით, მოკლულები და ბრალდებულები მეზობლები იყვნენ, ხოლო კონფლიქტი მათ ოჯახებს შორის წლების წინ დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0