ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს: რას ფიქრობენ ეროვნულ ბანკში

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5,5%-მდე შემცირდა, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13,8%-ს შეადგენს.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.
2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9,8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0,3%-ით შემცირდა.

„საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე რჩება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს“, — აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6%-ით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0,2%-ით შეამცირა. სიგარეტის 2%-ით გაძვირებამ კი ინფლაცია 0,1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4,8 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2,0 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.
უწყების ცნობით, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს.
„ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარებაც უწყობს ხელს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5,5%-მდე შემცირდა. თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13,8%-ს შეადგენს.
„მაღალი ადგილობრივი ინფლაცია, ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცი) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0,7 პროცენტული პუნქტი) და სანოტარო გადასახდელის გაძვირებაა (0,3 პროცენტული პუნქტი)“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის გვერდზე გამოქვეყნებულ იანვრის მიმოხილვაში.
ყველა ახალი ამბავი
0