2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება

© AP Photo / Alberto Pezzaliმგზავრები აეროპორტში
მგზავრები აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
ETIAS-ის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. 2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა მოუწევთ, ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე.
კერძოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ნოემბრიდან ევროპული ბლოკი უვიზო შესვლის სქემა ETIAS-ის (ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემა მოგზაურებისთვის) ამოქმედებას გეგმავს. ETIAS-ი ვიზისგან ბევრით განსხვავდება — ის ივსება უფრო სწრაფად, ფორმდება ონლაინ და არ მოითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მის მისაღებად გარკვეული თანხის გადახდა იქნება საჭირო.
სიახლე შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობდნენ.
ETIAS-ს შემდეგი 30 ევროპული ქვეყანა მოითხოვს: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ETIAS-ის სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა.
სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.
შენგენის ზონაში შესასვლელად 7 ევროს გადახდა აუცილებელი იქნება 18-დან 70 წლამდე პირებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახდი არ შეეხებათ.
ცნობილია ევროკავშირიდან 9 თვეში დეპორტირებულთა რაოდენობა: შსს მონაცემებს აქვეყნებს>>>
ელექტრონული ანკეტის შევსება ევროპაში გამგზავრებამდე უნდა მოხდეს, რომელშიც მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს (დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს).
მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში იქნება ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ. ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.
ETIAS-ის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. კერძოდ, მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.
ყველა ახალი ამბავი
0