შაჰის სამი გამოცდა, ანუ ამბავი მშიერ ლომებთან მებრძოლი გიორგი სააკაძისა

© Pixabay / azboomer
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
საქართველოდან ირანში 1612 წელს გაქცეული გიორგი სააკაძე შაჰ აბასის სამსახურში ჩადგა. „ალაჰის ჩრდილმა“, რომელმაც კარგად იცოდა სააკაძის გონებაგამჭრიახობისა და სიმამაცის ამბავი, ხალისით მიიღო სამშობლოდან დევნილი და დაიახლოვა კიდეც იგი.
იმდენად დაიხლოვა, რომ, გადმოცემით, დიდი მოურავის გარეშე პურს არ ტეხდა და გამუდმებით თან ახლდა. სააკაძეც „მორჩილად“ უმშვენებდა მხარს ირანის ლომს.
მართალია, შაჰს უტყუარი ცნობები ჰქონდა სააკაძის დევგმირობაზე, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც არ ასვენებდა. დაიჩემა, ჩემი თვალით უნდა ვიხილო სააკაძის ძალ-ღონე და ილეთიანობაო და სამი გამოცდა მოუწყო.
ერთხელ პურობად მჯდომ შაჰს სააკაძისთვის უთქვამს, მუდამ მოღუშული ხარ და უნდა გაგამხიარულოო. მის ნიშანზე მსახურებს ვერცხლის ფულით სავსე რვა ტომარა შემოუტანიათ და მბრძანებლის ფეხებთან დაულაგებიათ. აბას პირველი ქართველ დევგმირს მიბრუნებია, თუ რვავე ტომარას ერთდროულად აიღებ და კარამდე მიიტან, ფულიც შენი იყოს და ვაჟკაციც შენ გერქვასო.
სააკაძესაც გაუჭირვებლად უტვირთია ყველა ტომარა და კარამდე მიუტანია. შაჰი აღტაცებულა, იქ მყოფი ქართველები კი შურით აღვსილან, რომ მათმა თანამემამულემ ერთ წამში აურაცხელი სიმდიდრე ჩაიგდო ხელთ.
გავიდა დრო. ერთ დღესაც, შაჰ აბასის ბრძანებით, ისპაჰანის მთავარ მოედანზე ჭიდაობა გაიმართა. სპარსელებმა თავიანთი დაუმარცხებელი გოლიათი გამოიყვანეს, რომელმაც ქართველებთან პაექრობა მოისურვა. ქართველებიც გავიდნენ მოედანზე, მაგრამ ყველა ბეჭებზე გააკრა უძლეველმა სპარსმა. ცას წვდებოდა სპარსელთა სიხარულის ყიჟინა.
და მაშინ შაჰმა გიორგი სააკაძეს უბრძანა გოლიათთან დაჭიდება. მანაც საჭიდაო ჩოხა გადაიცვა და ხალიჩაზე შედგა ფეხი...
ორთაბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. სააკაძემ სპარსი ფალავანი ჰაერში ბავშვივით ასწია და ძირს დაანარცხა თურმე.
კიდევ გამოხდა ხანი. ერთხელაც შაჰ აბასს უკითხავს სააკაძისთვის, რას იტყვი, რომელი იარაღი გამოადგება გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცსო?
— ყველაფერი გამოადგება, რაც განსაცდელის დროს ხელში მოხვდებაო, მიუგია დიდ მოურავს.
ეს საუბარი მალე გადავიწყებია ყველას... ირანის ლომის გარდა, რომელიც მესამე გამოცდას უმზადებდა სააკაძეს.
ერთ დღესაც გიორგი ბაღში სეირნობდა თურმე. მხოლოდ პატარა ხანჯალი რტყმია წელზე, რომელსაც არასდროს იხსნიდა. მოულოდნელად ორი მშიერი ლომი გამოვარდნილა საიდანღაც და ჩაფიქრებულ სააკაძეს დასხმიან თავს.
უცბად გამორკვეულა ფიქრებიდან ქართველი დევგმირი, ერთი ლომისთვის ქუდი ჩაუჩრია ხახაში, მეორისთვის კი ის პატარა ხანჯალი გაუყრია გულში. მერე კვლავ პირველ ნადირს მიბრუნებია და სანამ ის ხახაში ჩათხრილ ქუდს გადმოაგდებდა, ყელში გამოუსვამს ხანჯალი — ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მერე კი, ვითომც აქ არაფერიო, მშვიდად შეუწმენდია სისხლიანი ხანჯალი ლომის ფაფარზე და გზა განუგრძია.

ამ სურათს შორიახლო ჩასაფრებული შაჰ აბასი ადევნებდა თურმე თვალს, თავად იხილა, როგორ გულგრილად და უშფოთველად შემუსრა ორი მშიერი ლომი სააკაძემ. და იმ დღიდან სპარსეთის შაჰს ნოსტელი დევგმირის გამოცდის სურვილი აღარ გასჩენია.
ყველა ახალი ამბავი
0