ყველაფერი ჩვენს ხელშია, ანუ ასე ტკბილად დამიბერდით!

© Pixabay / Genimaxქოხი თოვლში
ქოხი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
ქართველები სხვადასხვა ნიშნებს ზოგჯერ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორისაა ის, თუ პირველად ვინ შემოადგამს ჩვენს ოჯახში ფეხს ახალ წელს. ამდენად, მეკვლეზე ზოგჯერ არარეალურ იმედებსაც კი ვამყარებთ.
ნინო მამულაშვილი
ტრადიცია და იმის რწმენა, რომ მთელი წელი ისე წარიმართება, თუ ვინ რა გულით შემოაბიჯებს პირველი ახალ წელს ოჯახში — დღემდე ძალაშია. ამიტომ ზოგჯერ მთელი წელი ვუნდებით იმის განხილვას, თუ ვის რამდენად იღბლიანი ფეხი აქვს. ალბათ ამიტომაცაა, რომ გურიაში ძველით თუ ახლით ახალ წელს სტუმრად მისულ პირველ კაცს ფეხადს ეძახიან.
საქართველოს ყველა კუთხეში მოზეიმეების მიზანი იყო, რომ დღესასწაულს ისეთი ხალისითა და განწყობით შეხვედროდნენ, რომ ახალ წელს თითოეულ ოჯახში ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანა. ასევე საერთო იყო თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, ნაბადშემოხვეული და ხურჯინგადაკიდებული თოვლის ბაბუაც.
ძველად ქართლში აცხობდნენ ბასილას ფიგურას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერსა და თითოსაც შინაური ცხოველებისთვის. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ბედის კვერებს, ბასილას, თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს, ჩურჩხელას, გოზინაყსა და დოქით ღვინოს. გათენებისას ხონჩას გარეთ გაიტანდა და სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა.
სახლში შებრუნებული მასპინძელი მუგუზლით ცეცხლს გააღვივებდა და წარმოთქვამდა: „ამდენი ხარი, ამდენი ძროხა, ამდენი ღორი.“ ამის მერე მასპინძელი, ტკბილად დაბერების ნიშნად, ოჯახის თითოეულ წევრს თაფლიან ლუკმას ჩაუდებდა პირში.
საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ ეძახდნენ. ამ ხონჩას სამ დღეს ინახავდნენ. ამ რიტუალის მერე გალობას იწყებდნენ:
„ღმერთმა ყველა ააშენოს ამ ოჯახის მასპინძელი/პური, ღვინო ბევრი მისცეს და სიმინდი ძველისძველი,/ ეს სახლი ღმერთმა აკურთხოს, გაუმაგრდეს საფუძველი/ახალწელიწადს დაესწროს, გაისტუმროს ესე ძველი!“
აჭარაში ახალ წელს ოჯახს უმცროსი ვაჟი ულოცავდა. ამ დროს ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა, გულზე კი ბებიის ნაჩუქარი ჯვარი ჰქონოდათ.
სამეგრელოში მეკვლე საუზმის დაწყებამდე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებდა“. ახალ წელს, დილაადრიან, ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკითა და ღომის ჯამით სახლიდან გარეთ გადიოდა და გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ ისევ შინ ბრუნდებოდა.
თუშეთში ზამთრის საზეიმო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წელი, რომელსაც იქ თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებენ. ამიტომ თუშები თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში ერთ გულიან კოტორს — „ქრისტეს საგძალს“ და საქონლის კვერებს აცხობენ. ხარის კვერს რქები აქვს, ძროხისას – ჯიქანი, ცხვრისას –დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმისაა. ამ კვერებს ზედ მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს ალაგებენ.
დიასახლისი აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“ ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს.
რაც შეეხება მეკვლეს, თავად ირჩევენ. მას მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული და არაყი. ოჯახში შემოსვლის დროს პურს შემოაგორებს და იტყვის:
„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ — საქონელი!“
რაჭაში მეკვლე სტუმრობს ოჯახს და სანამ სამჯერ არ დაუმტკიცებს მათ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოაქვს, მასპინძელი კარს არ უღებს. მეკვლე ოჯახს ამ სიტყვებით ლოცავს:
„გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა, აგარა და უყესი, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“
თუკი მეკვლის ფეხს ოჯახი კარგად დასცდის, მას კიდევ სამი წლის ვადით ირჩევენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს ახალი წლის დადგომას პირველი ულოცავს ხოლმე.
ტრადიციულ რაჭულ სუფრას ახალი წლის ღამეს განსაკუთრებით ამშვენებს: ფელამუში, ბადაგი, ჩურჩხელები, ტკბილი კვერი, საახალწლო ბაჭულები, საფირმო „კერია-ბერია“, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აფორმებენ, ღორის ქონიანი განატეხი, გოზინაყი, ლობიანები, ღვინუკა, რომელიც ყოველგვარ ნუგბარს ურჩევნიათ, ასევ ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.
მეკვლის ტრადიცია დღემდე არსებობს სვანეთში. ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის კარზე ჩამოკიდებენ, რათა მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარზე დააკაკუნებს სიტყვებით:
„ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ“ –„კარი გააღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ!“
მოკლედ, ვინც უნდა შემოდგას საახალწლოდ პირველად ფეხი თქვენს ოჯახში, იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლას ისევ თავად შეძლებთ — ანუ ყველაფერი სხვის ფეხზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ყველაფერი ჩვენს ხელშია!
ყველა ახალი ამბავი
0