საქართველოს ბანკებში ახალი წესები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2023
გამოწერა
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკები 1 იანვრიდან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდნენ, რაც ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული.
მარეგულირებლის განცხადებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გამო, საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგება უფრო დაუახლოვდება ევროპისა და მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას.
ახალ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის ახალი წესები შეიმუშავა. აღნიშნული წესები ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ფინანსურ ინსტრუმენტებში მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაანგარიშებისადმი მიდგომების გაუმჯობესებას და ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებას.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლისას, სხვა თანაბარი პირობებისას, მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული საზედამხედველო კაპიტალის ღირებულებისადმი ნეიტრალური მიდგომა.
ამისთვის ცვლილებები შევიდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტში. კერძოდ, „კომერციული ბანკებისთვის მე-2 კომპონენტის ფარგლებში კაპიტალის დანამატების განსაზღვრის წესებს“ დაემატა საკრედიტო რისკის რეზერვი (CRA) და მისი გაანგარიშების განახლებული წესი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან ერთად, ასევე შენარჩუნდება პარალელური ანგარიშგებაც.
პარალელური ანგარიშგების პერიოდში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან მოამზადონ საზედამხედველო ანგარიშები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე „საქართველოს საბანკო დაწესებულებების ანგარიშთა გეგმისა“ და გეგმის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0