„ერთიანები უნდა ვიყოთ“: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო დიდი და ახალი იმედების, ნაწილობრივ კი იმედგაცრუების წელი
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანას ახალი წელი მიულოცა და მოსახლეობას მშვიდობა, ერთიანობა და სოლიდარობა უსურვა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმავალი წელი დიდი და ახალი იმედების და ასევე იმედგაცრუებების წელიც იყო.
„ეს წელი ასევე იყო დიდი, ახალი იმედების, ევროპული იმედების და ნაწილობრივ იმედგაცრუების, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ევროპული პერსპექტივა, რამეთუ ამან დაასრულა სამუდამოდ ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ, ვართ თუ არა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქართველმა ხალხმა უნდა მხოლოდ დაამტკიცოს, რომ ქართული ღირებულებები, რაც არის ამავდროულად ევროპული ღირებულებები, არის ის, რაც დღეს ჩვენ გვამოძრავებს, აღნიშნა მან.
„ამას თუ დავამტკიცებთ და ეს პრაქტიკულად ჩვენში არსებობს, ჩვენ იმ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურმა საქარველოში ყველა ოჯახს მშვიდობა უსურვა.
„მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს. მინდა, ეს ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში. მინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, რომ თქვენ ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ყველანაირი ფორმით ბედნიერება, ჯანმრთელობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ცალკე მიულოცა ახალი წელი ახალგაზრდებს, დიასპორის წარმომადგენლებს და საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებს. ზურაბიშვილმა განსაკუთრებულად მიულოცა ახალი წლის დადგომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორეს და მას სრულიად საქართველოს იმედი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0