სააკაშვილის სასამართლო გადაიდო - პროცესი იანვარში გაიმართება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტის დაკითხვა იგეგმებოდა, რომელიც სააკაშვილის დაცვის მოწმეა.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე, რომელიც დღეს, პარასკევს უნდა გამართულიყო, 2023 წლის 9 იანვრისთვის გადაიდო, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის სათათბირო ოთახში სხვა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გადის. სააკაშვილის დაცვამ ეს შეაფასა, როგორც პროცესის განზრახ გაჭიანურება ექს-პრეზიდენტის საკითხზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
დღეს სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგის დაკითხვა იგეგმებოდა. წინა სასამართლო სხდომებზე დაკითხეს ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ამერიკელი ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს უვითარდება დემენცია, რომელიც მის ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
სააკაშვილი მოწამლეს თუ ანალიზები ნორმაშია? ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩვენება>>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის კიდევ უფრო დასუსტდეს, რათა თავიდან აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტია ჩართული>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0