საახალწლო ლეგენდები: ვინ დაკიდა პირველად ბუხარზე საჩუქრების წინდა

CC BY 2.0 / manhhai / Jacqueline Kennedy with Caroline and John Jr. on Christmas Day in Palm Beach, Florida, December 25, 1962ჟაკლინ კენედი შვილებთან ერთად
ჟაკლინ კენედი შვილებთან ერთად  - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი პერსონაჟი სანტა კლაუსი მისტიკური სახე კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელიც ცივ და ყინულით დაფარულ ლაპლანდიაში კი არა, თბილ ბიზანტიაში ცხოვრობდა.
კათოლიკურ სამყაროში ბავშვების მოყვარული კეთილი და სათნო სანტა კლაუსის, იგივე სან ნიკოლაუსის, ანდა პაპა ნოელის წინაპარი, რეალური ადამიანი, სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი იყო.
მირონ-ლუკიის სიკეთით, სიყვარულით, უბრალოებით გამორჩეული მთავარეპისკოპოსი მცირე აზიის ქალაქ პათარში ქრისტეს შობიდან III–IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა შეძლებული დიდგვაროვნები იყვნენ.
წმინდანმა დაბადებისთანავე მოახდინა პირველი სასწაული — მასზე მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. მერე კი ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად დადგა ფეხზე. გადმოცემით, მარხვაც კი ჩვილობაში დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს არ სვამდა.
სხვათა შორის, ბუხრის თავზე ჭრელი წინდების დაკიდების ტრადიციაც, რომელიც ახალი წლის პირველ დილას მილიონობით ბავშვს ახარებს, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, სასწაულმოქმედის მშობლიურ ქალაქ პათარში ცხოვრობდა ღარიბი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. მამას სამზითვო ფული არ გააჩნდა, რომ ქალიშვილები გაეთხოვებინა და ძალიან ღელავდა მათ ბედზე.
ერთხელაც მის საუბარს წმინდა ნიკოლაუსმა (ნიკოლოზმა) მოჰკრა ყური და გადაწყვიტა დახმარებოდა ოჯახს. მაგრამ წმინდანს ურჩიეს, არ გააკეთო ეგ, თავმოყვარე მოხუცი მოწყალებას მაინც არ მიიღებსო.
და ნიკოლაუსმა გამოსავალი იპოვა: დაღამებას დაელოდა და ღარიბი კაცის სახლში საკვამურიდან ჩაიპარა. მას თან ჰქონდა ოქროს მონეტებით სავსე სამი ჩანთა. როცა ნიკოლაუსი საჩუქრის დასადებ ადგილს ეძებდა, მაღალყელიანი წინდები დაინახა, რომლებიც გოგონებს გასაშრობად ბუხრის თავზე გაეფინათ...
დილით მამამ და მისმა ქალიშვილებმა მონეტებით სავსე წინდები რომ იპოვეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ამის შემდეგ მოხუცმა მამამ სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაათხოვა და დამშვიდდა.
ბუხრის თავზე საჩუქრების ჩასალაგებლად წინდების დაკიდების ტრადიცია კი ლამის მთელ მსოფლიოს მოედო, 21-ე საუკუნემდე მოაღწია და, გამორიცხული არ არის, კიდევ ბევრი ასწლეულის განმავლობაში იარსებოს.
ყველა ახალი ამბავი
0