ჯადოქრობის ხელოვნება: ფილოსოფოსი, რომელიც სილამაზეს ემსახურება

© courtesy of Ana Elizbarashviliანა ელიზბარაშვილი
ანა ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მერილინ მონრო ამბობდა: „არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე მთელი დღე, დილის რვა საათიდან შუაღამემდე ცდილობდე – ლამაზი იყო“.
ნინო მამულაშვილი
თუმცა, ის ალბათ ცოტას აზვიადებდა, რადგან რთული დასაჯერებელია, რომ საკუთარი ბუნებრივი სილამაზის წარმოსაჩენად რაიმე ცდისთვის მიემართოს.
დღეს სიტუაცია შეიცვალა, ნებისმიერ ქალს აქვს იმის საშუალება, რომ გარკვეული მცდელობების შემდეგ საკუთარი გარეგნობა მაქსიმალურად სრულყოს. ანა ელიზბარაშვილი Make Up-ის ხელოვნებას იმდენად კარგად ფლობს, რომ მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მის კლიენტებს შორის ბევრი ცნობილი სახეა. არადა, პროფესიით ფილოსოფოს-სოციოლოგია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ქალბატონი თავადაც უნაკლო გარეგობით გამოირჩევა. პროფესიული გამოცდილება მიიღო ესთეტიკურ ცენტრ „ლოტუსში“ და სამოდელო სააგენტო „ნატალიში“. მონაწილეობა აქვს მიღებული ანუკი არეშიძისა და ავთო ცქვიტინიძის ერთობლივ ჩვენებაში, სადაც პროფესიონალური მაკიაჟი 30 მოდელს გაუკეთა. დღეს საკუთარი სალონი აქვს.
© photo: courtesy of Ana Elizbarashviliანა ელიზბარაშვილი
ანა ელიზბარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
ანა ელიზბარაშვილი
— ქალბატონო ანა, როდის დარწმუნდით, რომ ეს საქმე კარგად გამოგივიდოდათ?
— როცა ცხრა წელი ანსამბლ „მხედრულში“ ვცეკვავდი, კონცერტებისთვის გრიმს ბევრ გოგოს ვუკეთებდი. ხშირად საკუთარ სახეზე გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი და გადარბენა მქონდა. საერთოდ კი, რაც თავი მახსოვს, ვგიჟდებოდი მაკიაჟის კეთებაზე.
ერთხელ, როცა სამი წლის ვიყავი, ზაფხულში სოფელში ვისვენებდით. შუადღისას დედამ დასაძინებლად შემიყვანა ოთახში, სადაც რამდენიმე ხანში ისევ შემომაკითხა, რომ უბრალოდ დაეხედა. ამ დროს დავხვდი წითელი ტუჩსაცხით, რომლითაც მთელი სახე და ტანი მქონდა შეღებილი, კისერზე კი დეიდაჩემის უგრძელესი მძივი მეკიდა. ეტყობა, ტუჩზე არ მეყო წასმა, ამიტომ სარკესთან დავდექი და სადაც შევძელი, ყველგან წავისვი.
დედა ჩემ დანახვაზე არ გაბრაზებულა, პირიქით, სიცილით გაიგუდა. წლების მერე ჩემმა ძმამ ლონდონიდან კოსმეტიკით სავსე ჩანთა ჩამომიტანა. მაშინ დაახლოებით 16 წლის ვიქნებოდი, და მას შემდეგ ფუნჯი აღარ გამიგდია ხელიდან.
— როდესაც პროფესიას ირჩევდით, ფიქრობდით, რომ ჰობი დროთა განმავლობაში ძირითად საქმიანობად იქცეოდა?
— მიუხედავად Make Up-ის ხელოვნებისადმი ჩემი ინტერესისა, პროფესიად ფილოსოფია-სოციოლოგია ავირჩიე. არასდროს მიფიქრია, რომ ჰობი შეიძლებოდა პროფესიად მექცია.
კულტურის სიყვარულით ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე კულტუროლოგიის განხრით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საგანი არ იყო ჩვენთან სწორად ჩამოყალიბებული და უფრო მეტად ფილოსოფია ისწავლებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონდა ფილოსოფია, პირიქით, ნელ-ნელა ჩემს ბევრ კითხვას, რაც ცხოვრებაში მიჩნდებოდა, პასუხები გაეცა. საინტერესო პროფესიაა, თუმცა დღევანდელ რეალობაში არა პრაქტიკული. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ პროფესიის ძიებაში ვიყავი.
— ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს „ისი პარის“ აკადემიაში მიხვედით...
— დიახ, როცა დავრწმუნდი, რომ რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ის უნდა მეკეთებინა და თანაც მაკიაჟის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცოდი, ცოდნის გაღრმავებისთვის მივმართე „ისი პარის“ აკადემიას, სადაც ჩემი მასწავლებელი ანუკა მურვანიძე იყო. ასე გავხდი ვიზაჟისტი.
— თქვენი მთავარი პროფესია რამდენად გეხმარებათ დღევანდელ საქმიანობაში?
— ჩემი პირველი პროფესია მომხმარებელთან ურთიერთობაში მეხმარება. ჩემთვის მთავარია ადამიანის მსოფლმხედველობას ჩავწვდე, შემდეგ უკვე მარტივია გამოვიცნო – რა მოეწონება მას, რა შეუქმნის დისკომფორტს და ა.შ.
როგორ ფიქრობთ, როდესაც რომელიმე სახეზე მუშაობთ, ქალის გარეგნობაში მთავარი რა არის?
— ჩემთვის პრიორიტეტი თითქმის ყოველთვის თვალებია, რომელიც საკმაოდ მეტყველია და გარეგნობაში წამყვანია. ამიტომ ძირითადად თვალზე ვაკეთებ აქცენტს. თუმცა ასევე, ან უფრო მეტადაც კი, სახის კანის იდეალურად დამუშავებაც მნიშვნელოვანია. როდესაც სახე სრულყოფილად მუშავდება, ქალი უკვე ძალიან ეფექტურია, სხვა რამე რომც აღარ დავამატოთ.
საოცარი გარდასახვა ხდება მაშინ, როცა ქალბატონს კანზე პიგმენტური ლაქები და თვალის ირგვლივ სიშავეები აქვს და სახის დამუშავების შემდეგ მთელი მისი სილამაზე იკვეთება, რასაც მანამდე კანის პიგმენტაცია ფარავდა. ვიზაჟის დროს ერთმა მინიმალურმა შტრიხმა ქალი შეიძლება ძალიან ლამაზი გახადოს. მოკლედ, ეს ერთგვარი ჯადოქრობაა.
— რადგან ასეა, ალბათ თეატრში მუშაობაზეც გიფიქრიათ...
— თეატრში მუშაობაზე არა მარტო მიფიქრია, მიოცნებია კიდეც. სამწუხაროდ, ჩვენთან თეატრი არ არის ფინანსურად ისეთი ძლიერი, რომ გრიმიორის კადრზე მოთხოვნა იყოს. დედა, რომელიც პროფესიით თეატრის გრიმიორია (თუმცა ამ განხრით მხოლოდ მცირე დრო იმუშავა), ისე აღწერდა ხოლმე ამ პროფესიას, რომ ჩემთვის ლამის მისტიკა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0