მოსაზრება: 2022 წელი კავკასიაში - მოსკოვის ხედვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
სერგეი მარკედონოვი
სამხრეთ კავკასიის ისტორიაში 2022 წელი საბედისწერო წლად არ ჩაითვლება. რეგიონული სტატუს კვოს მნიშვნელოვანი გარდაქმნები არ მომხდარა, თუმცა განცხადებების ნაკლებობა სწრაფი ცვლილებების შესახებ არ ყოფილა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის თემა საჯარო სივრცეში არაერთხელ დადგა.
არანაკლებ ინტენსიურად განიხილებოდა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში საქართველოს შესაძლო ჩართვაც. შედეგად, გააქტიურდა დისკუსია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის შესახებ. თუმცა, არც გამრღვევი შეთანხმება, რომელიც გრძელვადიან ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტს დაასრულებდა და არც მოსკოვის წინააღმდეგ „კავკასიური ფრონტის“ გახსნა არ მომხდარა.
საინფორმაციო სივრცეში სამხრეთი კავკასია უკრაინის ჩრდილში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი „სტაგნაციის“ მდგომარეობაში ჩავარდა. 2022 წლის განმავლობაში კავკასიურ რთულ განტოლებებში ახალი ცვლადები ჩნდებოდა, რომლებიც არ აადვილებდა მათ ამოხსნას.

აზერბაიჯანი და სომხეთი: სტაბილური არასტაბილურობა

სომხეთი–აზერბაიჯანის მოუგვარებელი კონფლიქტი ყველაზე საშიშ გამოწვევად რჩება რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ბაქოს გამარჯვებამ ყარაბაღის მეორე ომში დაარღვია სტატუს-კვო, რომელიც 26 წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მწვავე დაპირისპირების საბოლოო გადაწყვეტა არ მოუტანია.
შევნიშნავთ, რომ არსებობს უამრავი შუამავალი, რომლებიც ცდილობენ წვლილი შეიტანონ დიდი ხნის კონფლიქტის მოგვარებაში. რუსეთთან ერთად, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის, 2021 წლის 26 ნოემბრის და 2022 წლის 31 ოქტომბრის ოთხი ერთობლივი განცხადების თანაავტორი გახდა, სამშვიდობო სფეროში ევროკავშირიც აქტიურობს.
დეკემბრიდან აგვისტომდე პერიოდში ბრიუსელში ოთხი სამიტი გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხოლო ოქტომბერში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრას პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც შეუერთდა.
ოფიციალური პარიზი მანამდეც იყო ჩართული სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარების საქმეში — როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მაგრამ 2022 წელს საფრანგეთის დიპლომატიურმა და საინფორმაციო აქტივობამ კავკასიაში ყველა მანამდე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
შეერთებული შტატები ასევე ცდილობს შეასრულოს „მშვიდობის მტრედის“ როლი — სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებების პატრონაჟს ახორციელებს მინისტრთა სამმხრივი შეხვედრების ფორმატში.
ამგვარად, მშვიდობის პირობების განხილვების, სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პრინციპებზე და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მოდელებზე მსჯელობების ნაკლებობა არ შეინიშნება. თუმცა გამწვავებები როგორც მთიან ყარაბაღში, ისე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რეგულარულად ხდება. 2022 წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის დათვლა შეიძლება.
ბაქო ცდილობს თავიდან აიცილოს კონფლიქტის ახალი „გაყინვა“ განუსაზღვრელი ვადით. ერევანი, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი, ფაქტობრივად მზად არის შეეგუოს ყარაბაღის დაკარგვას. ამას მოწმობს „ალმათის ფორმულის“, ანუ კავკასიის ორი სახელმწიფოს სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს საზღვრებში აღიარება ნიკოლ ფაშინიანის მიერ.
მაგრამ 2022 წელს, ისევე, როგორც შორეულ 1988 წელს, სტეფანაკერტი კვლავ ცდილობს, ისაუბროს საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. და ამ განწყობების სპიკერი გახდა რუბენ ვარდანიანი — ახლო წარსულში რუსეთის მოქალაქე (თუმცა მისი განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა დააკმაყოფილა), მილიარდერი, მეწარმე და ფილანტროპი.
2022 წლის სექტემბერში ის ყარაბაღის პოლიტიკაში შეიჭრა და ერევნის პოლიტიკით უკმაყოფილო ყარაბაღელი სომხების მოთოკვა სცადა. კავკასიის ექსპერტები მრავალი წლის განმავლობაში მიუთითებდნენ სომხეთისა და არაღიარებული ყარაბაღის მოსაზრებების შეუსაბამობაზე. მაგრამ ახლა, ახალ პირობებში, ამან საკმაოდ რეალური კონტურები შეიძინა. და სტეფანაკერტში მასობრივი საპროტესტო აქტიურობა ერევანში ოპოზიციის დემონსტრაციების რეგულარული ჩავარდნის ფონზე ამ თეზისს ადასტურებს.
ახალი სირთულეები გაუჩნდა რუსეთსაც. თუ 2022 წლამდე დასავლეთი აღიარებდა (თუმცა უხალისოდ) მის, როგორც ექსკლუზიური მოდერატორის როლს, დღეს ჩვენ სამშვიდობო პროექტების კონკურენციას ვხედავთ. და თუ შარლ მიშელის ოფიციალურ პრეს-რელიზებს მივყვებით, რომლებშიც არც ყარაბაღში რუსული სამშვიდობო მისიაა ნახსენები, არც მიმდინარე დიპლომატიური შუამავლობა და არც საზღვრის დემარკაციაზე მუშაობა, აშკარა ხდება: მოსკოვის შუამავლად ხილვა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არ სურთ.
ამასთან ბაქო და ერევანი, რომლებიც აღიარებენ რუსეთის განსაკუთრებულ როლს სამშვიდობო პროცესში, მაინც დიამეტრულად განსხვავებულ მოლოდინებს უკავშირებენ მას. სომხურმა მხარემ ყარაბაღისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად მოსკოვზე გადაიტანა (და პერიოდულად უჩივის რუსი სამშვიდობოების არასაკმარის ეფექტურობას). ამავდროულად მათი აზერბაიჯანელი ვიზავები დაინტერესებული არიან კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების დაჩქარებით. შედეგად წარმოიქმნება კოლიზიები რუსეთის სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით.

საქართველო: ტაქტიკური ცვლილებები სტრატეგიული მუდმივობით

„დღეს ივანიშვილი გადაიქცა ქართველ იანუკოვიჩად“ — „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ამგვარი შეფასება უკრაინის უმაღლეს რადის პროპრეზიდენტული ფრაქციის ხელმძღვანელის დავით არახამიას მხრიდან შესანიშნავად გადმოსცემს 2022 წლის განმავლობაში კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების არსს. საქართველოს ხელისუფლება დისტანცირდება უკრაინისა და მკაცრი ანტირუსული სანქციების პოლიტიკისგან.
თუმცა, აქ აუცილებელია ითქვას: რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნასა და კავკასიის „უკრაინიზაციაზე“ ფაქტობრივი უარი (ამგვარი პოზიცია არაერთხელ გამოთქვეს საჯაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ) სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის უარი თქვას ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის სტრატეგიაზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამ საქართველო სერიოზული დილემის წინაშე დააყენა. ერთი მხრივ, თბილისი დასავლეთში ტრადიციულად განიხილება ნატოს ასპირანტ ქვეყნად, ალიანსისა და შეერთებული შტატების პრივილეგირებულ პარტნიორად კავკასიაში, უკრაინის მოკავშირედ სუამ-ში და „წამყვანი ტრიოს“ წევრად „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილე სახელმწიფოებს შორის.
სასწორის მეორე პინაზე, მოუგვარებელი დავებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გარდა, იდო რუსეთთან გარკვეული დონის ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება. 2013 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში საქართველომ რუსეთში სულ 2 მილიარდი დოლარის პროდუქტები და ასევე 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საქონელი გაიტანა. რუსეთიდან ხუთმა მილიონმა ტურისტმა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ, პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს 500 მილიონ დოლარს მიაღწია, 2019-2021 წლებში კი ინვესტიციების მოცულობამ ასევე 500 მილიონ დოლარს მიაღწია.
ამასთან, ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს არ უწყვეტს მთავარ საკითხს — ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას. ალიანსი ასევე არაეფექტურია საქართველოს რიგ რეგიონში (პანკისში, ქვემო ქართლში, აჭარაში და თბილისშიც კი) გავრცელებულ რადიკალური ისლამიზმის შეკავებაში. ის ასევე ვერ ეხმარება ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მიგრაციის კონტროლს. 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ნაჩქარევმა ევაკუაციამ ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში უსაფრთხოების პერსპექტივების თაობაზე ფობიებისა და შიშების ზრდას.
გამომდინარე აქედან, ოფიციალურმა თბილისმა ან პრაგმატულ პოლიტიკაზე უნდა დადოს ფსონი, ან კიევთან და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სოლიდარობა უნდა წარმოაჩინოს. საქართველოს ხელისუფლებამ პირველი ვარიანტი ამჯობინა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის საკითხი — ეს დიდწილად ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემაა და არა საგარეო.
თბილისის მიდგომების რადიკალიზაციას საგარეო ასპარეზზე ოპოზიციონერები, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქტიურად მოითხოვენ.
ისინი პირდაპირ მიმართავენ გავლენიან სენატორებსა და კონგრესმენებს, ევროდეპუტატებს, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების დაზვერვისა და სამხედრო საზოგადოების გადამდგარ (მაგრამ გავლენაშენარჩუნებულ) წარმომადგენლებს. და მათ შორის გარკვეული სიმპათიებიც აქვთ. როგორც კი საქართველოს ხელისუფლება გარე კონტურზე ცვლილებებს გამოაცხადებს, ქართული ოპოზიცია შეტევაზე გადავა და გარედან მხარდაჭერას მიიღებს. თუმცა, ასეთ განწყობებს საქართველოში ეს მხარდაჭერა არ აყალიბებს, ეს განწყობები იქ მრავალი წელია არსებობს, იკვებება რა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვით გამოწვეული ფრუსტრაციით.
ამრიგად, 2022 წელს კავკასიას არ გადაუტრიალებია და არ დაურღვევია ძალთა საერთაშორისო ბალანსი. თავად რეგიონში სტატუს კვო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა, რთული პრობლემები არსად გამქრალა. მოუგვარებელმა ძველმა კონფლიქტებმა არაერთი ახალი კოლიზია წარმოქმნა, ხოლო ფონური ფაქტორები (იგივე სამხედრო ესკალაცია უკრაინაში) ერთგვარ „დამატებულ ღირებულებად“ იქცა მათთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდე ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0