მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიზეზი დრეს-კოდია: „თალიბანმა“ ქალებს კიდევ ერთი აკრძალვა დაუწესა

© AP Photo / Ebrahim Noroozi
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ რადიკალ-ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ მოუწოდა, უზრუნველყოს ქალების „სრული, თანაბარი და გააზრებული“ მონაწილეობა ავღანეთის ცხოვრების ყველა ასპექტში.
უშიშროების საბჭოს ეს მოწოდება დაკავშირებულია თალიბების მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ავღანელ ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს.
ცოტა ხნის წინ „თალიბანმა“ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლაც აუკრძალა.
როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის კონსენსუსით მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თალიბანის“ გადაწყვეტილებები „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის მზარდ ეროზიაზე მიუთითებს“. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალების მუშაობის აკრძალვა „არსებით და მყისიერ გავლენას მოახდენს ჰუმანიტარულ ოპერაციებზე“ ავღანეთში.

„ეს შეზღუდვები ეწინააღმდეგება თალიბების მიერ აღებულ ვალდებულებებს ავღანელი ხალხის წინაშე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინებს“, — წერს გაერო.

„თალიბანმა“ ადგილობრივ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს 24 დეკემბერს აუკრძალა ქალების სამსახურში დაშვება. ეს გადაწყვეტილება მათ „ბევრი საჩივრით“ ახსნეს, რომელთა თანახმად, ზოგიერთი თანამშრომელი არ იცავდა „თალიბანის“ მიერ დადგენილ ისლამურ დრეს-კოდს. ავღანეთის ეკონომიკის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუუქმდება ქვეყანაში საქმიანობის ლიცენზია. ოთხი მათგანი უკვე იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა.
ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმაც დაგმო და ავღანეთში ქალთა შესაძლებლობის კიდევ ერთ მკაცრ შეზღუდვად, მათი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, ჰუმანიტარული პრინციპების აშკარა დარღვევად შეაფასა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ აკრძალვებს შესაძლოა „დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს ავღანელი ხალხისთვის“. მისი თქმით, ქალები „მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან ჰუმანიტარული ოპერაციების ცენტრში“.
წყარო: DW
ყველა ახალი ამბავი
0