საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

© Roads Department of Georgiaკობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობა
კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო კავშირებისთვის.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უკვე გაიჭრა 4,5 კილომეტრი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
„პროგრესი მიღწეულია ისტორიულ პროექტშიც – ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობაში. შენდება ცხრაკილომეტრიანი უნიკალური გვირაბი, რომელიც უკვე გათხრილია 4,5 კილომეტრზე და პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ქარსელაძემ ჟურნალისტებთან.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიც სპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
აზიის ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციას აბანდებს>>>
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გასავლელი 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება გუდაურის გავლით. პროექტის ფარგლებში აშენდება აგრეთვე კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან. შედეგად – ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.
მშენებლობა ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პატრონაჟით, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0