რატომ უნდა მიირთვათ კაკალი ყოველდღე: მეცნიერებმა ახალი სარგებელი დაადგინეს

© Pixabay / LubosHouskaკაკალი
კაკალი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ყოველდღიურ რაციონში კაკლის შეტანა ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ნაწლავთა სისტემაში და ამასთან ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nutrition-ში გამოქვეყნდა.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მანამდე დაადგინეს, რომ დიეტა, რომელიც კაკალსაც მოიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას, რითაც ხელს უწყობს გულის გამართულად მუშაობას.
ამჯერად მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ მოქმედებს კაკალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
კვლევისთვის 30-დან 65 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე 42 მოხალისე შეირჩა. ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივად, საშუალო სტატისტიკური ამერიკელებისთვის დამახასიათებლად იკვებებოდნენ. ამის შემდეგ მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. აქედან ერთი ჯგუფის რაციონში გაჯერებული ცხიმების ნაცვლად კაკალი შეიტანეს, მეორე ჯგუფის რაციონში კაკალს ცვლიდა ალფა-ლინოლენური მჟავა (ALA) – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კაკალი, მესამე ჯგუფის რაციონი ასევე უკაკლო იყო, ოღონდ მოიცავდა ALA-სა და ოლეინის ცხიმმჟავას.
ექსპერიმენტის დასრულებამდე 72 საათით ადრე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, მეცნიერებმა მოხალისეების ფეკალური მასების ანალიზი აიღეს. შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ კაკალს, კუჭ-ნაწლავის სისტემაში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა გაზრდილი ჰქონდათ.
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი კრისტინა პეტერსენი ამბობს, კაკლის დიეტამ მთელი რიგი სასარგებლო ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობა, უპირველესად, Roseburia-ს დონე გაზარდა, რომელიც ნაწლავების შიდა გარსს იცავს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 50-80 გრამი ნიგვზის მიღება დადებით გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემის მიკრობიომზე, ამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ კაკალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბსტრატების წარმოქმნას, მაგალითად, ცხიმმჟავების, უჯრედისისა და ბიოაქტიური ნაერთებისა, რაც ნაწლავურ მიკრობიომს კვებავს. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასარგებლო მეტაბოლიტების გენერირებას.
ყველა ახალი ამბავი
0