მედდის გარდაცვალების საქმე: მთავარი დამნაშავე ცნობილია

© AP Photo / Eugene Hoshiko
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. პროკურატურამ წელიწადნახევრის შემდეგ გამოავლინა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში უშუალო დამნაშავე, იგი კლინიკის ექიმი აღმოჩნდა, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემაშია ბრალდებული.
27 წლის მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 2021 წლის 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამოძიების ფარგლებში ორ ექიმს და ექთანს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის წარედგინათ - აღნიშნული პირები ამ დროისთვის გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.
როგორც პროკურატურამ დაადგინა, იმ დროისთვის არსებული პროტოკოლის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ექიმმა ბაქრაძე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გასინჯა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა მედდა 2021 წლის 18 მარტს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც იგი უკვე ცუდად იყო - ახალგაზრდა ქალს კისრისა და გულმკერდის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და სხვა ექიმები ვენაში კათეტერს უდგამდნენ, რადგანაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მიუხედავად ამისა, ექიმმა, რომელიც ვალდებული იყო მედდისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა, კლინიკიდან წავიდა.
პროკურატურის განცხადებით, რამდენადაც ბაქრაძეს დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ანაფილაქსიური შოკით გამოწვეული გართულებების შედეგად, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
ექიმს ბრალი წარედგინა სსკ-ის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღნიშნულ საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0