კალაძე: ზოგიერთი ევროპარლამენტარის მოწოდებები შორსაა ევროპული ღირებულებებისგან

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
კალაძის თქმით, პირველ ყოვლისა, საჭიროა საკუთარი ქვეყნის პატივისცემა.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის მოწოდებებს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებთან, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ოპოზიციის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები. ევროდეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ სააკაშვილის პატიმრობას უკანონო უწოდა. ვლად გეორგემ კი განაცხადა, რომ საქართველო სათანადოდ უნდა მოიქცეს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები: „თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს (ევროკავშირში)“. ახლა გეკითხებით: ეს ნორმალურია? თქვენთვის მისაღებია ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულება? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?“ – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი მრავალი წელი ევროპაში ცხოვრობდა და კარგად იცის რა არის ევროპა, დემოკრატია, ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
„ევროპა და ევროპული ღირებულებები – ამაზე უკეთესი, ალბათ, დღეს არაფერია“, – განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ „ე.წ. საქართველოს მეგობრების“ მოწოდებებს კანონის დარღვევის, ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლის და პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების თაობაზე საერთო არაფერი აქვთ ამ ღირებულებებთან.
მისი თქმით, პირველ ყოვლისა, საჭიროა საკუთარი ქვეყნის პატივისცემა.
„ჩვენ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპა, ვისთვის გვინდა ევროპული ღირებულებები?! ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა კალაძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილი ექსპერტთა ორი ჯგუფისა და ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნებში.
თავის მხრივ, ამერიკელმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა, რომელიც 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გაიმართება>>>
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა ხედავს, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილი ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულებებისთვის.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
დაბრუნება და დაკავება
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0