ევროკავშირის პირობები ზედმიწევნით შევასრულეთ - საქართველოს პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
ეს ნამდვილად შრომატევადი სამუშაო იყო, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ ზედმიწევნით, სწორად, ეფექტიანად შეასრულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განკუთვნილი რეკომენდაციები, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური „ელჩების კონფერენცია 2022“-ის გახსნაზე თბილისში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აქტიურად მუშაობს კანონმდებლობის შეცვლაზე, რათა წლის ბოლომდე მოასწროს ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა პირობის შესრულება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„მას შემდეგ, რაც განისაზღვრა 12 პრიორიტეტი, იმავე დღეს მმართველმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
„სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში არ იყვნენ სრულყოფილად ჩართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0