საქართველოში კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა.
იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
მანამდე საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება. გარდა ამისა, არ იგეგმება ეკლესიების მეთაურების, მათი წარმომადგენლების თუ საერო პირების მიღება.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.
ილია მეორე (ერობაში ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობახიძის მეოთხე შვილი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა, ახალშობილი შობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის №22 სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის — ილიას სახელი უწოდა.
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ალექსის მიერ – წმინდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.
1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს ილია მეორე ბათუმისა და შემოქმედის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963–1972 წლები) რექტორი. 1967 წელს სოხუმის ეპისკოპოსი, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ყველა ახალი ამბავი
0