კახეთში 60 კილომეტრამდე სიგრძის გზების რეაბილიტაცია განხორციელდა

© Roads Department of Georgiaვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2022
გამოწერა
წელს რეგიონში 26 პროექტი მიმდინარეობდა, საერთო ღირებულებით 140 მლნ ლარამდე, საიდანაც 8 პროექტი დასრულდა.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2022 წელს კახეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას და ერთ ხიდს, ასევე განხორციელდა ერთი ნაპირსამაგრი პროექტი (1200 მ სიგრძის), ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2022 წელს რეგიონში, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა, საერთო ღირებულებით 140 მლნ ლარამდე, საიდანაც 8 პროექტი დასრულდა.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული პროექტები კახეთის რეგიონში გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს პერიოდული სარემონტო სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის 18-კილომეტრიან მონაკვეთზე (36-54 კმ). პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული გზის საფარის განახლება, საგზაო ნიშნების და აქსესუარების მონტაჟი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტისთვის შეუფერხებელი და კომფორტული მოძრაობის პირობები შეიქმნება.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მისი საორიენტაციო ღირებულება 77,6 მლნ ლარს შეადგენს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0