თბილისის ერთ-ერთ ბაზარში ცხენისა და ვირის ხორცს ყიდდნენ: დაკავებულია ორი პირი

© courtesy of National Food Agencyინსპექცია ხორცის ხარისხს ამოწმებს
ინსპექცია ხორცის ხარისხს ამოწმებს - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი. ისინი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ვეტერინარულ-სანიტარიული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან ახდენდნენ, სადაც საქონლის ხორცად ასაღებდნენ.
ინსპექტორებმა სასაკლაოზე აღმოაჩინეს რამდენიმე ათეული დასაკლავად გამზადებული ცხენი, რომელთა რეალიზაცია წინასაახალწლოდ იგეგმებოდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზება აკრძალული არ არის, მაგრამ მოვაჭრეებმა უნდა დაიცვან ყველა მოთხოვნა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. საქონელი უნდა იკვლებოდეს სასაკლაოზე და უნდა იყოს აცრილი. ხორცის პროდუქციას აუცილებლად უნდა ახლდეს ეტიკეტი, რომელზეც ხორცის სახეობა იქნება მითითებული.
ყველა ახალი ამბავი
0