თბილისში ღამით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Viktor Kaminskyტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 24 და 25 დეკემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, შეზღუდვის მიზეზი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებია.
უწყების ცნობით, შაბათს, 24 დეკემბერს მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით. გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი კი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29-მდე („საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისამდე).
„25 დეკემბერს ჩაიკეტება გაგარინის ქუჩაზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მძღოლებს დროის აღნიშნულ მონაკვეთში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად შეუძლიათ ისარგებლონ როგორც გალაკტიონის, ისე ბარათაშვილის ხიდებით, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედნიდან გაგარინის ქუჩის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება და ტრანსპორტის გადაადგილება დღისით არ შეიზღუდება.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0